გამოძიების დასაწყებად სათანადო მტკიცებულებები არაა - ლილუაშვილი მუქარის შესახებ კობახიძის განცხადებაზე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ პრემიერ კობახიძის განცხადებაში, რომ თითქოს ევროკომისარი მას სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა, გამოძიების დაწყების საფუძველი არ იდო.

„უწყება თავად წყვეტს არის თუ არა სისხლის სამართლევრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში, ამაზე ჩაითვალა, რომ  საკმარისად არ არის ის სისხლის სამართლებრივი დევნის, გამოძიების დასაწყებად სათანადო მტკიცებულებები. იმ ქვეყანაში, სადაც გამოძიების დაწყების მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი…

პრემიერმა ბრძანა: მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომებიო. ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი“, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ 5 ივნისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ თუ რომელიმე ქვეყანას დააინტერესებს ინფორმაცია მუქარაზე, რომელშიც ფიცოს გვარი გაჟღერდა, ის მზადაა, გამოძიებას მისცეს ინფორმაცია და მტკიცებულება.

აქვე, გრიგოლ ლილუაშვილმა უპასუხა შეკითხვებს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებაც.

„ჩემი აზრით, ეს არის ინტერპრეტაციების საკითხი. პარტია ფიზიკურად შეიძლება რეგისტრირებული არსად არ იყოს და ეს პარტია პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე, ეს ტერმინი ჩამოყალიბდა ალბათ, პოლიტიკოსებს უნდა ჰკითხოთ, თუმცა ჩემი აზრით, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას და ჩვენ სცენაზე ვიხილეთ როგორც შარშან, ისე წელს ასეთი დამაზიანებელი განცხადებები. ალბათ, ამათი ერთობლიობა, თორემ გეორგრაფია არ გააჩნია“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, დაასახელებს თუ არა სუბქიეტებს, ლილუაშვილმა არნიშნა, რომ ამაზე მინიშნებები არსებობს და გონების დაძაბვით სახელების მიხვედრა ადვილია.

„თუ ტელევიზიის არქივში ჩაიხედავთ, ადვილად მოძებნით, ჩვენს ანგარიშებში სახელების და გვარების შესახებ ეს ქმედებები არის გაწერილი. ეს არის წამკითხველის გონების დაძაბვის ფაქტორი, რომ დაძაბოთ გონება და სახელებს აუცილებლად თქვენ თვითონ“, – თქვა მან.

შეკითხვაზე, ისინი არიან დასავლეთიდან თუ რუსეთიდან, სუს-ის ხელმძღვანელი ამბობს:

„ასეც და ისეც. პარტნიორების წარმომადგენლებზე არა, კონკრეტული პოლიტიკური პირები, ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთის თანამოზიარე არიან…

აუცილებლად გამოიძიება ყველა იმ აქტორის როლის და მონაწილეობა, რომელიც დაინტერესებულია სწორ რელსებზე შემდგარი ქვეყნის არევით“, – განაცხადა მან.