კალაძე: კაფე „მზიური" რამდენჯერმე გადაეცა ერთ ადამიანს, არ მინდა, ეს თემა გახდეს სალაპარაკო

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ კაფე „მზიურს“ ექნება იგივე – სოციალური სტატუსი და ის პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა.

საქმე ეხება კაფე „მზიურის” შენობის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის შესახებ ინფორმაციაც თავად კაფემ გაავრცელა. „მზიური” სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობდა.

კალაძე ამბობს, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კაფე, კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით გასხვისდება.

„რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, მსგავსი პროექტები განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემს ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა”. – თქვა კახა კალაძემ.

კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„მზიურის” შენობის გასხვისებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ანა გოგუაძემ კახა კალაძეს მიმართა, რომ დატოვებს კაფეს, თუ საჯაროდ მიიღებს პირობას, რომ ის „გააგრძელებს თავისუფლების, ინკლუზის, გარემოს დაცვითი ღირებულებებით ფუნქციონირებას, როგორც სოციალური საწარმო და ხვალვე წავა”.

„მთავარია ვიცოდე, რომ აუქციონის ამარა არ ვტოვებ. პირობა მომეცი, რომ იმას გააგრძელებ, რასაც დავუთმე ჩემი ცხოვრების 18 წელი”. – დაწერა ანა გოგუაძემ Facebook-ზე 15 ივნისს.