რონდელის ფონდის მკვლევარი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი პარტია „დროას” შეუერთდა.
მისი თქმით, დღეს გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს პოლიტიკურ სივრცეში და ამ ბრძოლაში მთავარი ერთიანობაა.
„მე ჩემი საქმიანობის 100%-ს ყოველთვის ვახმარდი ქართულ საქმეს, ქართულ ინტერესებს და დღეს ვფიქრობ, რომ არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე.
საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით და საქართველომ შეძლოს უსწრაფესად იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მოამზადებს ჩვენ ქვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე.
ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას” გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს და „დროასთან” და „გირჩი მეტი თავისუფლებასთან” ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, იმედი მაქვს ეს იქნება გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის ამ ბრძოლაში ჩაერთოს და ვიბრძოლოთ ბოლომდე ერთად, იმედი მაქვს ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად შევძლებთ ერთიანი ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.