ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შსს-ს განცხადებით, დააკავეს კაცი, რომელმაც ბათუმში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ოპერატორს თანხა მოსთხოვა და იარაღით დაემუქრა.

უწყების ცნობით, მან განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ კაცი იმავე დღეს დააკავა. შემთხვევა 17 ივნისს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ის 2000 წელს დაბადებულია და წარსულში ნასამართლევია.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.