პრორუსული „ხალხის ძალა": 2008 წლის ომში აშშ-ის როლზე სერიოზული კითხვები გვაქვს

პუბლიკა

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული პრორუსული პარტია „ხალხის ძალა“ მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს მისი განცხადებების გამო ესხმის თავს – მეტიც, პარტიაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ „არაადეკვატურ, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე“ დაფუძნებულ პოლიტიკას მიმართავს.

„ხალხის ძალა“ ელჩ დანიგანს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე კრიტიკის გამო მიმართავენ და ავითარებენ ცრუ ნარატივს, თითქოს, აშშ საქართველოს „არშემდგარ სახელმწიფოდ” აღიქვამს და „ქართველ ხალხზე მცდარი წარმოდგენა” აქვთ.

რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში, რომელიც 18 ივნისს გამოქვეყნდა, დასვა კითხვა, „რატომ უნდა გააღრმაო კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს ოკუპანტს?” საქმე ეხება ჩინურ კომპანია CCCC-ის, რომელიც სინგაპურულ კომპანიასთან ერთად ანაკლიის პორტს ააშენებს და მის 49%-იან წილსაც მიირებს. CCCC აშშ-ის მიერ სანქცირებულია.

ამასთან, პრორუსულ პარტიაში დაცინვად შეაფასეს აშშ-ის 6-მილიარდიან დახმარებაზე საუბარს და ამტკიცებენ, რომ ეს რიცხვი არა 6, არამედ 4 მილიარდს შეადგენს.

ამავდროულად აშშ-ს მიმართავენ 2008 წელთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ამ პროცესებში მათ როლსა და ფუნქციაზე „სერიოზული კითხვები“ აქვთ.

„ცალკე საუბრისა და გამოძიების თემაა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები, როცა ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ ქვეყანაში მართლაც დაიხარჯა სოლიდური ამერიკული „ფინანსური დახმარება”, მაგრამ, სანამ ამ დახმარების საჭიროება დადგებოდა ქვეყანაში, თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო.

დიახ, აგენტურამ 2008 წელს მოაწყო უმძიმესი პროვოკაციები და რომ არა ეს მიზანმიმართული ბოროტება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ არა დავალებების უსიტყვო შესრულება და მონური მორჩილება, საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეოდა. არ იქნებოდა ასობით ქართველის მსხვერპლი, არ გვეყოლებოდა 35 000 ახალი დევნილი, არ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ეკონომიკის სერიოზული ჩამოშლა.

სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს ამ პროცესებში თქვენს როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია „ქართული ოცნების” სატელიტი პარტიის განცხადებაში.