დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტები საგარეო უწყებას - კოპლატაძე

პუბლიკა

„მე არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! #სადმივდივართ?ევროპაში!“,- საქართველოს ყოფილი ელჩი სლოვენიაში ირაკლი კოპლატაძე.

განახლება: თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კოპლატაძემ, თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა. უწყების ცნობით, ის ექვს თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში.

„ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე ჩემი და ირინეს დიპლომატიური პასპორტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომ საუკუნის თითქმის მეხუთედის მანძილზე და მანამდეც, ხუთივე პრეზიდენტის სახელმწიფო სამსახურში და მანამდეც, ჩემი დროის სტუდენტობის თაობის ეროვნულ მოძრაობაშიც და მანამდეც, ოჯახიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საუკეთესო ინტერესებისადმი მსახურება გახდა ჩემი საქმიანობის მთავარი საგანი.

ამასობაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მივედით იმ ნიშნულამდე, როცა საჭირო იყო გაწევრიანების საფინალო ნახტომის განხორციელება: 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე მივიღეთ ნატოს არაწევრი უახლოესი ქვეყნის „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (EOP) სტატუსი და „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“ (SNGP), რომელიც განახლდა 2020 წელს; 2022 წლის ნატოს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ნატოს „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომები“ (TSM); 2023 წლის 14 დეკემბერს კი მივიღეთ ევროკავშირის საოცნებო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი…

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის თითოეულ ჩემს კოლეგას, შინ თუ გარეთ, საერთაშორისო დონის ქართველ ელჩებს, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი საელჩოების თანამშრომლებს, მინისტრებს, პრემიერებსა თუ პრეზიდენტებს, რომლებთანაც მომიწია მუშაობა და ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებელ ისტორიულ გზაზე….“,- წერს კოპლატაძე.