ISFED: რუსულმა კანონმა წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვნად დააზიანა

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, რუსულმა კანონმა წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ISFED-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული კანონი განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედებს იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგს გეგმავენ.

აღნიშნულია ისიც, რომ ორგანიზაციათა ნაწილი შესაძლოა მუშაობის იძულებით შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგეს.

ორგანიზაციის თქმით, ამ ვითარებაში, საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესების შეფასებისა და ნდობის მიზნით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნების მიუკერძოებელ დაკვირვებას. 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 2024 წლის 1 ივნისიდან დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასებისას შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა:

• ქართული საზოგადოების უწყვეტი პროტესტის, მრავალრიცხოვანი აქციების, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის, ევროკავშირის, ევროპული სახელმწიფოების, აშშ-ის, გაეროს, ნატოს გენერალური მდივნის, ევროსაბჭოს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უმკაცრესი კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელმეორედ ინიციირებული კანონპროექტი სამივე მოსმენით მიიღო და პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოც დაძლია. აღსანიშნავია, რომ კანონი განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედებს იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგს გეგმავენ. ორგანიზაციათა ნაწილი შესაძლოა მუშაობის იძულებით შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგეს.

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყნის ისტორიაში პირველად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ დასანქცირდნენ, რასაც, სავარაუდოდ, დამატებითი როლი ექნება წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათის განსაზღვრაში. ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეზღუდვების დაწესების მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღება გახდა.

• მართალია, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, თუმცა მმართველმა პარტიამ მის ხელთ არსებული, მათ შორის სახელმწიფო რესურსების მობილიზება და არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაიწყო. ტრადიციულად, აღნიშნული კამპანია მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებით ხასიათდება. გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

• საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მედიაგარემო მკვეთრად გაუარესებულია. პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებული პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველოს სერიოზული უკუსვლა აქვს რეიტინგში და 180 ქვეყნიდან 103-ე ადგილზეა.

• მკვეთრად პოლარიზებულია სოციალური მედიაც. ამასთან, საარჩევნო კამპანიის პარალელურად, გარკვეული აქტორები, მათ შორის ძირითადად ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანონიმური ქსელები პროპაგანდისტული, ჰომოფობიური, სექსისტური და სხვა სახის მადისკრედიტირებელი კამპანიების წარმოებისთვის ყველა პოპულარულ სოციალურ მედიის პლატფორმას იყენებენ. გამოწვევას წარმოადგენს ანონიმური კამპანიის გზით საარჩევნო პროცესებში რუსული ჩარევის საფრთხეც, რომლის პირველადი ნიშნებიც უკვე სახეზეა.