სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის არმიის გენერლის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გამოსცა.
ჰააგის სასამართლო მათ ადანაშაულებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაბომბვებისას მიზანში მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ამოღებაში, რამაც ხალხს „მიზანმიმართულად მიაყენა დიდი ტანჯვა ან სერიოზული დაზიანებები”.
„არსებობს გონივრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ორ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე”. – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ICC აცხადებს, რომ „ამ დროის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მრავალ ადგილას განახორციელა მრავალი დარტყმა ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების წინააღმდეგ”.
რუსეთმა, რომელიც არ არის ICC-ის წევრი, არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურა ლეგიტიმური სამიზნეა, ხოლო მიზანში მოქალაქეების ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ამოღებას არ აღიარებს.
ICC-ის წევრი არც უკრაინაა, თუმცა, ქვეყანამ მას მიანიჭა იურისდიქცია მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივ დევნაზე.
მანამდე, 2023 წლის მარტში ICC-მა გამოსცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და რუსი მაღალჩინოსნის, ლარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო.