ფინანსთა სამინისტრო: დავაკავეთ პირი, რომელიც Adidas-ის ყალბ ფეხსაცმლებს ყიდდა

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების საქმეზე ერთი ადამიანის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და ყიდდა Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე, Adidas-ის დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური ბრენდირებული შტამპი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 -წლამდე ვადით.