ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საფეხბურთო ნაკრებს პირველი 30 მილიონი გადასცა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაციის შექმნა არ სჭირდებათ. ამასთან განცხადა, რომ შეხვედრისას ნაკრებს შეახსენეს, რომ შემდეგი თამაშებიც მსგავს ჯილდოებთანაა დაკავშირებული.
„ზოგადად ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის. უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი, რომელიც იყო დაწესებული ჯგუფიდან გასვლისთვის და ჩვენ როცა შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს, შევახსენეთ, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან და ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამატებით მოტივაცია ფეხბურთელებს არ სჭირდებათ, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველაფერი არის შესაძლებელი. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მათ შეუძლიათ თამაში. პორტუგალია არ იყო ნაკლები ესპანეთზე, შესაბამისად, 30-ში არის ყველაფერი შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.