საგარეო: NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს დელეგაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს

პუბლიკა

საქართველო მონაწილეობას მიიღებს 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს საიუბილეო სამიტში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.

„მინისტრი მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

აღსანიშნავია, რომ სამიტის პროგრამის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შესაბამისად ვაშინგტონში სამიტში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ამერიკის ხმას” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმაც დაუდასტურა, რომ თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის სახელზე გაიგზავნა.

შეკითხვაზე, არიან თუ არა სამიტზე მიწვეულები საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მილერი პასუხობს:

„პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”, – აღნიშნულია პასუხში.

„ამერიკის ხმამ” სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, მიიღეს თუ არა ოფიციალური თბილისისგან დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება. მილერი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა „ევროატლანტიკურ გზაზე” დააბრუნოს.

„საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული”, – თქვა მეთიუ მილერმა.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ქართველ ოფიციალურ პირებთან, NATO-ს სამიტის მიღმა შეხვედრები, „ამერიკის ხმამ” ამ კითხვაზე დეტალური პასუხი ვერ მიიღო.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე მოწვევას რომ გეგმავდა, 24 ივნისს გახდა ცნობილი. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო ‘ბრაიენმა გააკეთა.

NATO-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.