კორონავირუსმა არ იცის პოზიცია და ოპოზიცია, ყველას თანაბრად ეხება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ზუგდიდში გამართულ საქველმოქმედო აქციას გამოეხმაურა, რომელზეც ქალაქის მცხოვრებლები პირბადეების მისაღებად შეიკრიბნენ.

გამყრელიძის თქმით, საქველმოქმედო აქცია კარგია, მაგრამ საჭიროა წესების დაცვა და აპოლიტიკურობა.

„კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს ყოველთვის. ვაკეთოთ ყველამ კარგი საქმე. ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში, მაგრამ ვაკეთოთ ეს ჩუმად და წესების დაცვით. ჩვენ ამ დროს უკვე არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ უნდა გვქონდეს. დღეს ჩვენ სულ ყველა ერთნი ვართ, პოზიციაც, ოპოზიციაც.

იმ ინფექციამ, კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება და ვიყოთ ყველა ერთნი. კარგია, რომ დღეს ქვეყანა რაღაცამ გააერთიანა და ამას ნუ გამოვიყენებთ სხვა დანიშნულებით“, – თქვა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.


დღეს საქველმოქმედო აქციაზე, რომელზეც კორონავირუსთან დაკავშირებით პირბადეები და სხვა საშუალებები უნდა დაერიგებინათ, ხალხმრავლობა იყო. „ოდიში ნიუსის“ ინფორმაციით, „ახალი ლიდერების ინიციატივითა“ და „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა. ადგილზე სულ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა. ხალხის ნაკადი ქალაქში პირბადეების დეფიციტმა გამოიწვია.