საია: ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა დავა მოიგო

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა დავა მოიგო.

საიას განცხადების მიხედვით, მოსარჩელე მუზეუმიდან 2022 წლის 1 ივნისს გათავისუფლდა.

სასამართლომ ბათილად ცნო თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა, თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია.

სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ“ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ცნო ბათილად, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება“, – ნათქვამია განცხადებაში.