კალაძე „ღირსეული პარტნიორის" შეჩერებაზე: ვერავინ იტყვის, რომ „ოცნებამ" საგარეო კურსი შეცვალა

პუბლიკა

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, „ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა.

ის აშშ-ის მიერ სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის” გაურკვეველი ვადით შეჩერებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს“.

„ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ“, – თქვა კახა კალაძემ.

მან ასევე გაიმეორა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი, რომ „საქართველო სუვერებული სახელმწიფოა, ვერავის ვასალი ვერ იქნება და რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, ვინმეს კარნახით ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი გადადგმას”.

„გვახსოვს მოწოდებები სანქციებთან, მეორე ფრონტთან, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს”, – თქვა კახა კალაძემ.

აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივლისს გაავრცელა.

განცხადების თანახმად:

„ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”.