„ახალი”, „დროა” და „გირჩი – მეტი თავისუფლება” ერთიან საარჩევნო სუბიექტს ქმნიან და არჩევნებისთვის ერთიანდებიან. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
„მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ აქ წარმოდგენილი პარტიული ძალები ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც საქართველოს დღეს უდგას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიტყვის ერთგულება, რომელიც გამოიხატა ხელმოწერაში პრეზიდენტის ქარტიისა და ასევე, ბრიუსელში ხელმოწერილი განაცხადის, რომელიც ეხება საერთო მიზნებისთვის ბრძოლას.
ჩვენ დღეს ვერთიანდებით, იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ არჩევანზე „ქართული ოცნების” დასამარცხებლად საჭიროა სამი რამ: ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზება, ხმების დაცვა და ოპოზიციურ ფლანგზე სწორი კონფიგურაცია.
„ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ დაახლოებით 5 წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის წევრი. ერთადერთი, რაც ახლა ამას ბარიერად ეღობება, არის არსებული რუსული რეჟიმი.
26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შესვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა. ამის მიღწევისთვის გასაკეთებელია სამი რაღაც, ეს არის მაქსიმალური მობილიზაცია საქართველოს მოქალაქეების, მეორე- ხმების დაცვა და მესამე არის ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რაც არ მისცემს რუსულ რეჟიმს საშუალებას, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში”, – აღნიშნა მან.
ამასთან, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ პარტია „ლელოსთან”, ამ ეტაპზე „მცირე განსხვავებების” გამო შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა მისი თქმით, პროცესი ამით არ იკეტება და მოლაპარაკებები გაგრძელდება, როგორც „ლელოსთან”, ასევე, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.
„ლელო” ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად, მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა არ იკეტება ამით პროცესი და ბუნებრივია, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არა მხოლოდ „ლოლოსთან”. დღევანდელი განაცხადის შემდეგ დავიწყებთ ერთიან კამპანიას”, – თქვა მან.