აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, აზრა ზეიას საქართველოში ვიზიტი დასრულდა. ბოლო შეხვედრა მან ირაკლი კობახიძესთან გამართა. შეხვედრის შემდეგ ზეიამ X-ზე დაწერა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრთან აზრები „გულწრფელად გაცვალა”.
“აშშ კვლავ ღრმად არის შეშფოთებული იმით, თუ როგორ გამოუთხარა ძირი საქართველოს ევროკავშირის გზას და აშშ-სთან ურთიერთობას საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულმა ქმედებებიმა, მათ შორის ე.წ. საგარეო გავლენის კანონმა და რიტორიკამ. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გამოასწოროს კურსი და შეასრულოს საზოგადოებრივი მისწრაფებები საქართველოს ევროპული მომავლისთვის”. – განაცხადა აზრა ზეიამ.
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან აზრა ზეიამ განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით.
მისი განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება.
აზრა ზაეიას თქმით, მან ირაკლი კობახიძეს 3 მესიჯი გადასცა, მათ შორის, ის, რომ „ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონი ავნებს ქართველ ხალხს, მათ შორის აქტიურ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და ბევრ სხვა რამეს”.
„შედეგად, ევროკავშირმა გაყინა დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ესკალაცია თანაბრად საგანგაშოა”. – განაცხადა აზრა ზეიამ.
აზრა ზეიას მეორე მესიჯი ის არის, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია.
ხოლო მესამე მესიჯი გულისხმობს, რომ აშშ არ უჭერს მხარს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. თუმცა, პარტნიორებისგან ნამდვილი, კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას მოელის.
„გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას შეარჩიონ და აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ძალადობის ან დაშინების მუქარის გარეშე.
ძალადობის ან დაშინების ნებისმიერ მსგავსი შემთხვევა უნდა დაიგმოს და გამოძიებულ იქნას, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
ბოლოს, მტკიცე და შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო არჩევნებზე დაკვირვება არსებითი მნიშვნელობისაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. საქართველოს ადგილობრივი გამოცდილი და სანდო არჩევნების დამკვირვებლების დიდი ტრადიცია გააჩნია, რომლებსაც შეუძლიათ ამ დემოკრატიული პროცესის სანდოობის უზრუნველყოფაში დახმარება”. – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.