საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N18 ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტი 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და შეეხება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანად დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას.
სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგად, საიას განცხადებით, გამოვლინდა:
აღკვეთის ღონისძიებები
-
წლებია, საია საუბრობს, რომ სასამართლო უალტერნატივოდ იყენებს აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს – გირაოსა და პატიმრობას. ორგანიზაციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ გაფართოებულა აღკვეთის ღონისძიების არსებული სახეები, რაც მოსამართლეებს გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიული ეფექტიანი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას მისცემდა.
-
გამოწვევაა ასევე გირაოსა და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენება, პროკურატურა ბრალდებულის პიროვნების, ქონებრივი მდგომარეობის და მისგან მომდინარე საფრთხეების შესასწავლად ყველა შემთხვევაში არ ცდილობს, მოიპოვოს და სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სრულყოფილი ინფორმაცია.
-
43 (47%) პირის მიმართ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, კონკრეტულად, შუამდგომლობიდან არ იკვეთებოდა, რატომ ვერ უზრუნველყოფდა ბრალდებულის სათანადო ქცევას სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. სასამართლომ 16 (25%) პირის მიმართ გამოიყენა პატიმრობა დაუსაბუთებლად ან/და არასათანადო დასაბუთებით.
-
მიმდინარე საანგარიშო პერიოდში 56 (37%) ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი, თანხის ოდენობის შესაბამისობა ან/და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა არ იყო თანხვედრაში. წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა.
სათანადო სასამართლო კონტროლი
-
სუსტია სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით. მოსამართლეები, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევაში ამტკიცებენ მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას. გამოვლინდა მხოლოდ 1 ფაქტი, როდესაც მოსამართლემ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება არ დაამტკიცა.
-
საპროცესო შეთანხმების სხდომები ხშირად ფორმალურია და რამდენიმე წუთში ისე სრულდება, რომ მოსამართლეები ბრალდებულებს არ განუმარტავენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ უფლებებს. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მოსამართლემ სხდომა 2 ან 3 წუთში დაასრულა.
-
ბოლო წლებია, საია-ს მონიტორინგის შედეგად ვლინდება ისეთი ფაქტები, რომლებიც საპროცესო შეთანხმების მიმართ სასამართლოს სუსტ კონტროლზე მიუთითებს. ეს ეხება საპროცესო შეთანხმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმის წინასწარ გადახდის შემთხვევებს. ასეთი შემთხვევა ამ საანგარიშო პერიოდშიც დაფიქსირდა, როდესაც მოსამართლემ სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებს ჰკითხა, ბრალდებულებს ჯარიმა წინასწარ ხომ არ ჰქონდათ გადახდილი.
ოჯახური დანაშაულები
-
ბრალდების მხარის პოლიტიკა ამ ტიპის დანაშაულებზე კვლავ მკაცრი იყო, რაც აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობებზეც აისახებოდა. პროკურატურა 38 (97%) შემთხვევაში ითხოვდა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას და მხოლოდ 1 (3%) შემთხვევაში მოითხოვა გირაოს შეფარდება.
-
სავარაუდოდ ოჯახში მოძალადეების მიმართ სასამართლო უფრო ლოიალურია. ზოგ შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ბრალდებულს გირაოს მინიმალური ოდენობა შეუფარდა. ასევე, რამდენიმე შემთხვევაში, გაურკვეველი იყო მოსამართლის მოტივაცია, რატომ იყენებდა სავარაუდოდ კანონდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირის მიმართ მსუბუქ ღონისძიებას.
-
სასამართლოს მონიტორინგი და საია-ს მიერ შესწავლილი სასამართლოს გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ ოჯახური დანაშაულის საქმეებზე ფუნდამენტური გამოწვევაა დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავება, რის შედეგადაც, ხშირია სავარაუდო მოძალადეების გამართლების შემთხვევები.
სასამართლოს ღიაობა და გამჭვირვალობა
- წლებია, სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას. ამ საანგარიშო პერიოდში პირველი წარდგენის 213 სხდომიდან 155 (73%) შემთხვევაში სხდომის შესახებ საჯაროდ არ გამოცხადებულა. მსგავსი მდგომარეობაა საპროცესო შეთანხმების სხდომებთან დაკავშირებითაც. 170-იდან 106 (62%) სხდომის თაობაზე სასამართლოებს ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ.
- სასამართლოები ზოგჯერ გულგრილობას ავლენენ სხდომების საჯაროობის პრინციპის მიმართ. 3 შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა ვერ შეძლეს საჯარო სხდომაზე დასწრება, ვინაიდან პროცესი პატარა დარბაზში ჩატარდა. თუმცა, სასამართლოს უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ, საქმეების რეზონანსულობის გამო, სხდომაზე დასწრებას ბევრი ადამიანი მოინდომებდა.
- ბოლო წლებში გამოწვევაა საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხითაც. სასამართლოები უმეტესად არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებს. ანგარიშის მიზნებისთვის საია-მ გამოითხოვა 7 სასამართლოდან სასამართლო გადაწყვეტილებები, რაც მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოგვაწოდა.
გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება
-
გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება ქართული მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში კვლავ არ დასრულებულა არაერთი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომლებიც წლების განმავლობაში პირველი ინსტანციის სასამართლოშია.
-
ხშირია სხდომების გადადება. საია-ს მიერ დამონიტორინგებული 184 არსებითი განხილვის სხდომიდან 89 (48%) მათგანი გადაიდო. გადადების მიზეზებიდან ყველაზე აქტუალურია საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება – 30 (34%) და პროკურორის მიერ მოწმის წარმოუდგენლობა – 17 (19%) შემთხვევა.