„მედიის თავისუფლების კოალიცია“ (MFC) განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ხელმომწერი წევრები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების გამო.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ახლახან მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს.
„ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ უცხოური წყაროებიდან მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ ორგანიზაციებად, რომლებიც „უცხო ძალის ინტერესებს ემსახურებიან“. ეს გავლენას მოახდენს ბევრ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო ჩართულობაში, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ადვოკატირებაში. ამგვარი „უცხოური აგენტის“ იარლიყი, შესაძლო მკაცრ ფინანსური ჯარიმებთან ერთად, სერიოზულად შეარყევს მათ საქმიანობასა და უარყოფითად იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლებაზე.
ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის, მათ შორის მოახლოებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის. დამოუკიდებელი, კრიტიკული ჟურნალისტიკა თავისუფალი, ინკლუზიური და დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი საფუძველია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ასევე მედიის თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის საფუძველია.
გარდა ამისა, ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუდმივი მუქარების, ფიზიკური თავდასხმებისა და ქონების განადგურების გამო. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის დაშინებასა და ძალადობას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ისინი ეფექტური და სტაბილური დემოკრატიის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ.
მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) წევრი ქვეყნები ყოველთვის დაიცავენ გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ხელმომწერი წევრები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და განაგრძობენ მათ მხარდაჭერას დემოკრატიული მომავლის, ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ სწრაფვის გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მედიის თავისუფლების კოალიცია“ 6 კონტინენტიდან 51 ქვეყანას აერთიანებს.