კრემლში არ მოსწონთ, რომ EU-მ სომხეთს თავდაცვის მიზნებისთვის €10 მილიონი გამოუყო

პუბლიკა

კრემლში არ მოსწონთ, რომ ევროკავშირმა სომხეთს თავდაცვის ლოჯისტიკის მიზნებისთვის 10 მილიონი ევრო გამოუყო.

რუსული პროპაგანდის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს სურს, „თავისი დესტრუქციული გავლენა სამხრეთ კავკასიაზე გაავრცელოს”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა პარალელს უკრაინასთან ავლებს და აცხადებს, რომ „ისევე, როგორც უკრაინაში, პროგრამა „ევროპული სამშვიდობო შესაძლებობა” არ ემსხურება მშვიდობას, სტაბილურობას ან უსაფრთხოებას”.

„მისი მიზანია ომი, ქვეყნების პროვოცირება და სისხლისღვრა. დასავლეთის ასეთი მიდგომებიდან კარგი ან დადებითი შედეგი არ მიღებულა. ეს არის „დაყავი და იბატონე”, კონფლიქტის გაღვივება და სამხრეთ კავკასიის მილიტარიზაცია”. – თქვა ზახაროვამ.

უკრაინა ახსენა და მას „კიევის რეჟიმი” უწოდა კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც.

„ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი პოლიტიკურ სიბრძნეს გამოიჩენს. პატივისცემით ვეკიდებით პარტნიორების ასეთ ძიებას, ერთადერთი არ გვინდა, რომ ეს მოხდეს ისე, როგორც კიევის რეჟიმმა გააკეთა – „ან – ან” მიდგომით. ალტერნატიული პოლიტიკური ხედვის ასეთი ნაკლებობა არ არის ის, რისი ნახვაც გვინდა”. – თქვა პესკოვმა.