კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი” დაასანქცირა იმ ვიდეოების გამო, რომლებიც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს ეხება.
ვიდეორგოლებში, რომლებიც „მთავარი არხის” ეთერში ტრიალებს, ჩანს იმ დეპუტატების ფოტოები და სახელები და გვარები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს.
კომუნიკაციების კომისია მიიჩნეს, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის რეკლამაა და ეთერში ნორმების დარღვევით გადის.
„კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები ემსახურებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას, შესაბამისად, ვიდეორგოლები განეკუთვნა პოლიტიკურ რეკლამას.
პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება დაუშვებელია”. – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.
მარეგულირებელი ორგანო დასძენს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა.