მოსამართლემ აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

მოსამართლემ, ქეთავან ჯაჭვაძემ, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ექსტრადირებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადიგოვი ციხეში დარჩება.

სადიგოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისი გუშინ დააკავეს.

უწყების განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტზეა ძებნილი და დაკავება ექსტრადირების მიზნით მოხდა.

სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ალიევის რეჟიმი სადიგოვს სასტიკად გაუსწორდება.

დაკავებამდე სადიგოვს 18 ივლისს თბილისიდან გაფრენის შესაძლებლობა არ მისცეს. აეროპორტში განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ბაქოსკენ აიღებდა გეზს.

ამის შემდეგ სადიგოვი საჯაროდ ამბობდა, რომ საქართველოში ის თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. შეხვდა ომბუდსმენსაც. მის უფლებებს სამოქალაქო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“იცავს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.

ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს. 2020 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.

2021 წელს პატიმრობის ვადა სადიგოვს უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.