„ევოლუშენი" აცხადებს, რომ შემცირების პროცესს იწყებს

პუბლიკა

„ევოლუშენ საქართველოს“ განცხადებით, პროფკავშირის წამოწყებული ბოლოდროინდელი „არამართლზომიერი აქტივობების გამო”, საქართველოში ევოლუშენის ოპერირება შეფერხდა და დაზარალდნენ ევოლუშენის ბიზნესპარტნიორები, რომელთა დიდ ნაწილს აღარ სურს საქართველოს სტუდიიდან სერვისის მიღება.

„ამ სამწუხარო ვითარებამ ევოლუშენი აიძულა, გადაეხედა თბილისში საკუთარი წარმომადგენლობისთვის. შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია და შედეგად, ევოლუშენი იწყებს შემცირების პროცესს, რათა საქართველოს სტუდიის საოპერაციო სამუშაო ძალა 1000 როლით შეამციროს.

ევოლუშენი ბიზნესპარტნიორების სპეციფიკური მაგიდების უმეტესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადაიტანს. აღნიშნული მაგიდების შემცირება და დემონტაჟი უკვე დაწყებულია.

ევოლუშენი არ გამორიცხავს რისკს, რომ შესაძლოა, იძულებული გახდეს, განახორციელოს შემდგომი შემცირება იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება და სანამ პროფკავშირის მიერ ინიციირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოწვეული ზიანის შეფასება არ დასრულდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე „ევოლუშენში” აღნიშნეს, რომ თუ არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული გახდება შეაჩეროს საქმიანობა საქართველოში.

12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.

გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.

დავა „ევოლუშენ ჯორჯიას” დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

2024 წლის 20 მაისს პროფკავშირმა „ლაბორიმ” მიმართა ჯანდაცვის მინისტრს შპს „ევოლუშენ ჯორჯიასთან” კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე. პროფკავშირის თქმით, კოლექტიურ დავაზე მედიატორი დაინიშნა, თუმცა მედიაცია 25 ივნისს უშედეგოდ დასრულდა, რითაც დასაქმებულებს გაფიცვის კანონიერი უფლება წარმოექმნათ.

თანამშრომლების გაფიცვას წინ უძღოდა „მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული „სქრინშოთები“ „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების სამუშაო ჩათიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს გარეგნობის, კანის ფერის, ფრჩხილების სიგრძის გამო დასცინოდნენ, იყენებდნენ სექსისტურ, რასისტულ და დისკრიმინაციულ ენას.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლების თქმით, მენეჯერებს მათ მიმართ რეალური ურთიერთობისასაც იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ.