„შევინარჩუნოთ დეზერტირების ბაზარი“ - თბილისში სოლიდარობის შეკრება გაიმართა

პუბლიკა

საზოგადოებრივი კამპანია „ამომრჩევლების“ ორგანიზებით დღეს თბილისში სოლიდარობის შეკრება გაიმართა – მოქალაქეები „დეზერტირების ბაზრის“ მოვაჭრეებს მხარდაჭერის გამოსახატავად შეხვდნენ.

სადგურის მოედანთან მდებარე „დეზერტირების ბაზრის“ მოვაჭრეები ამბობენ, რომ მესაკუთრეები მათგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვენ, სანაცვლოდ კი სხვა უბნებში გადასვლას სთავაზობენ – ეს კი მოვაჭრეების თქმით, მათ საარსებო წყაროს, ფაქტობრივად, დაუკარგავს.

კომპანიის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს – მათ შორის თავდაპირველად იყო საუბარი, რომ იგეგმებოდა ბაზრის სარემონტო სამუშაოები და დასაქმებულებს  დროებით მოუწევდათ სივრცის დატოვება. თუმცა როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, აქვთ ინფორმაცია სავაჭრო ცენტრის მშენებლობის იდეაზეც.

„ამ უმუშევარ ქვეყანაში კიდევ უმუშევრობა გვემუქრება იმ ხალხს, ვინც ჩვენით გამოვნახეთ საარსებო წყარო. ამას რატომ უწყობენ ხელს, პირიქით, სახელმწიფოა, თუ ვინც არ უნდა იყოს, იმას უნდა ვცდილობდეთ, როგორმე სამუშაო ადგილები შევქმნათ.

დიდი საფრთხე აქვს ამ ბაზარს იმ თვალსაზრისით, რომ კერძო მესაკუთრემ – სახელმწიფოს ხელშეწყობით, კერძო მესაკუთრე თავის ჭკუაზე ვერაფერს გადაწყვეტს – გადაწყვეტილია ის, რომ აშენდეს „თბილისი მოლი”.

[…] ასე რომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაზარი დაშლილიყო, რატომ არ ჰკითხეს ხალხს? მარტო მოვაჭრეებს არა, მომხმარებლებსაც ჰკითხონ – აწყობთ დედაქალაქის გულში ამხელა ბაზრის დახურვა? შეეკითხონ საზოგადოებას და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, მხოლოდ არჩევნებზე რომ გვეკითხებიან ჩვენს აზრს”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე „პუბლიკასთან”.

ისინი მოითხოვენ, რომ ბაზარი დარჩეს ამ ტერიტორიაზე და დასაქმებულებმა საარსებო წყაროს შენარჩუნება შეძლონ.

„ეს ვინაიდან კერძო მესაკუთრეა და ჩვენ მას ვერ წავართმევთ თავის საკუთრებას, ჩვენი თხოვნაა, მთავრობამ კერძო მესაკუთრეს თავისი ანგარიშები გაუსწოროს და ბაზარი როგორც იყო, დარჩეს საზოგადო სექტორში, იმიტომ, რომ ხალხმა არ დაკარგოს საქართველო, კიდევ ბევრი არ წავიდეს აქედან და თავისი სარჩენი ჰქონდეს აქ.

ოჯახებიდან გამოსულები ვართ დილიდან საღამომდე იმიტომ, რომ გადასახადები გადავიხადოთ, ოჯახი ვარჩინოთ და აქედან გვაქვს საარსებო წყარო, ეს თუ დაგვიკეტენ, რა უნდა გავაკეთოთ? ძალიან ბევრ აქ დასაქმებულს გვაქვს სესხი.

[…] ისინი გვეუბნებიან ისეთ ადგილას გადასვლას, საკუთარი მანქანები უნდა გვყავდეს და უნდა დავდიოდეთ. ჩვენ საკუთარი მანქანები არ გვყავს, ჩვენ ვართ ღარიბი ხალხი, ფენა”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

„დეზერტირების ბაზარში” დასაქმებულები მერიისგან მოითხოვენ ოფიციალურ განმარტებას, რომ ბაზრის დახურვა არ მოხდება მიმდინარე წელს; ამასთან, მოუწოდებენ სახელმწიფოს, გამოისყიდოს ბაზრის ტერიტორია და ის მუნიციპალურ ბაზრად აქციოს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ბაზრის მესაკუთრე 2023 წლის 16 ნოემბრიდან არის შპს „გალერეა არენა“ – „გალერეა არენას“ დამფუძნებელი არის კობა ღურწკაია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.

ორგანიზაციის განცხადებით, „გალერეა არენამ” მიწა შეიძინა შპს „თბილისი მოლისგან“, რომლის ერთ-ერთი მეწილეც არის ხვიჩა მაქაცარია.

„შპს „თბილისი მოლში“, წილს ფლობენ რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე და ჰოლდექს ინტერსეილსი, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

ხვიჩა მაქაცარია არის CBS ჰოლდინგის დამფუძნებელი და არის არა ერთი მსხვილი ბიზნესის მეწილე, მათ შორის, თელასში, თბილისი ენერჯიში, სელფი მობაილში (ბილაინი), საქართველოს ეროვნულ ლატარიაში, თბილისის მიკროავტობუსების ქსელებში”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.