ხარიშინი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას სურს, ჩაახშოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

პუბლიკა

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა „ინტერპრესნიუსთან” საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რჩება განცდა, რომ ვიღაცას სურს, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები ჩაახშოს.

კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა ელჩებს და იმ ფაქტს, რომ უკრაინას არ ჰყავს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ხოლო უკრაინის მოთხოვნით კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქაშვილმა, ხარიშინმა თქვა, რომ როცა ელჩის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება მზადდებოდა, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან, „გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა”.

„უცნაურია, ასეთი რიტორიკა დაემთხვა “პერფორმანსს”, რომელიც ანტიუკრაინულმა, პრორუსულმა და იმედი მაქვს, რომ ისინი ანტიქართულიცაა, ძალებმა გამართეს აქ საელჩოს შენობასთან შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.

სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს ზოგმა სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა”. – ამბობს ხარიშინი „ინტერპრესნიუსთან”.

უკრაინის რწმუნებული ასევე აღნიშნავს, რომ „უკრაინისთვის საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო, არის და დარჩება ძმურ ხალხად და ქვეყნად, რომელთანაც უკრაინა ავითარებდა და განავითარებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობებს თანაბარუფლებიანობის, პარტნიორობის საფუძველზე”.

მიხაილო ხარიშინი ამბობს, რომ ამ ვითარებაში დიპლომატებს სურთ, ამ ვითარებაში უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ნორმალური დიალოგის წარმოებაში დაეხმარონ. ამიტომაც, ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება და შეხვედრა. თუმცა, ყველა მსგავსი შეხვედრა განხორციელდა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე.

„გვაქვს მოლოდინი, რომ მალე აღდგება ნორმალური, სრულფასოვანი დიალოგი მინისტრების მოადგილეების დონეზე და ეს ყველაფერი გახდება ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესებისა და აღდგენის საწინდარი იმ დონეზე, როგორზეც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო.

მინდა იცოდეთ, რომ უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე. ამისთვის საჭიროა გარკვეული უარყოფითი ფაქტორებისა და ტენდენციების თავიდან აცილება, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ბურთი, როგორც ამბობენ, ამჟამად მოედნის ქართულ ნახევარში”. – ამბობს მიხაილო ხარიშინი.