სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შვედურ მხარეს „ევოლუშენის" წინააღმდეგ საჩივრით მიმართა

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ორგანიზაციამ „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად საჩივრით მიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე დაფუძნებულ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებას.

ორგანიზაციის ცნობით, წარდგენილი საჩივარი შეეხება კომპანია „ევოლუშენის“ მიერ, საქართველოში საქმიანობისას, „მულტიეროვნული კორპორაციებისთვის პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ“ OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული სტანდარტების უხეშ დარღვევას.

„შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებაში წარდგენილი საჩივარი ეხება კომპანია ,,ევოლუშენ ჯორჯიას“ მიერ, რომელიც შვედური კორპორაციის აფილირებული კომპანიაა, შრომითი უფლებების მასობრივ დარღვევას, მათ შორის, შრომის დაბალ ანაზღაურებას, ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემოსა და პირობებს, ანტისანიტარიასა და ჰიგიენის ნორმების დაუცველობას სამუშაო სივრცეში, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლებისადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და კომპანიაში არსებულ შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა არაერთ პრობლემას, რომელიც უხეშად არღვევს OECD-ის სტანდარტებს.

უფრო ზუსტად კი, სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, იმ შემთხვევებში, როდესაც მულტიეროვნული კორპორაციები ოპერირებენ განვითარებად ქვეყნებში, მათ უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი, ადეკვატური შრომის პირობები, მათ შორის, შრომის ანაზღაურება და მიიღონ სათანადო ზომები დასაქმების ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც SJC წერს,  იმის ნაცვლად, რომ კომპანია პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა თანამშრომლების მასშტაბურ პროტესტს და რეალურად განეხილა მათ მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხები, „იგი სამუშაო ბაზრიდან ნაწილობრივ გასვლით და თანამშრომლების შემცირებით დაიმუქრა, რაც ასევე არღვევს სახელმძღვანელო პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებს.

„კერძოდ, პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, მშრომელების წარმომადგენლებთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში შრომის პირობებთან დაკავშირებით ან მშრომელების მიერ ორგანიზების უფლებით სარგებლობის კონტექსტში, მულტიეროვნულმა კორპორაციებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი მუქარებისაგან, როგორიც არის მოცემული ქვეყნის ტერიტორიიდან მისი განყოფილების მთლიანად ან ნაწილობრივ გადატანა სხვა ქვეყანაში, რათა არ იქონიონ უსამართლო ზეგავლენა მიმდინარე მოლაპარაკებებზე ან ხელი არ შეუშალონ მშრომელების მიერ ორგანიზების უფლებით სარგებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, „ევოლუშენ ჯორჯია“ სწორედ ამ სტრატეგიას მიმართავს და, გაფიცულების მძიმე სოციალური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მათზე ზეწოლის მოხდენას წარმომადგენლობის შეზღუდვის მუქარით ცდილობს”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, მათ შვედეთის ეროვნული საკონტაქტო უწყებიდან სწრაფი რეაგირება მოითხოვეს, რადგან მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას და დაჩქარებულ რეაგირებას მოითხოვს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „პრობლემურია ის გარემოება, რომ სახელმწიფო უწყებები არ რეაგირებენ გაფიცულების მოთხოვნებზე და არაერთი მოწოდების მიუხედავად, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს ათასობით ახალგაზრდის მძიმე სოციალური და შრომითი პირობების უგულებელყოფას. უკვე რამდენიმე დღეა, გაფიცულების წარმომადგენლები სამინისტროსგან კომპანიასთან მედიაციის და მოლაპარაკების პროცესის ხელშეწყობას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. გაფიცულებს, მოთხოვნის მიუხედავად, არ შეხვედრია არც სახალხო დამცველი”.


„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი უკვე 41-ე დღეა, გაფიცულია, ხოლო გაფიცულთაგან 3 ადამიანი მე-9 დღეა, შიმშილობს. ცნობილია, რომ ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი პროტესტის ნიშნად პირის ამოკერვასაც გეგმავს.

გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.

ისინი ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ და განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას და ხელისუფლებას აკისრებენ.