„ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან. მათ ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები: ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, გუშინ, 28 აგვისტოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომას ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაესწრებოდნენ.

ასევე, სხდომას არ ესწრება მოსამართლე ირინე იმერლიშვილი. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას დღეს, 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს 29-31 აგვისტოს, სრული შემადგენლობით, განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს.

სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება. 

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს მოსარჩელეთა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. 

29-31 აგვისტოს სხდომებზე მოსამართლეები ორ საკითხზე იმსჯელებენ:

1) ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად;

2) არსებითი განხილვის გარეშე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერონ თუ არა ნორმების  მოქმედება, რომელიც 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატების და მედიების: „მთის ამბებისა” და „სტუდია მონიტორის“ სარჩელებს.

ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება.