აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

პუბლიკა

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები 19:00 საათზე დაიხურა. შედეგები ჯერ უცნობია.

არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დათხოვნა დაამტკიცა.

ეს აზერბაიჯანის პირველი საპარლამენტო არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ სომეხმა მოსახლეობამ, 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ფაქტობრივად სრულად დატოვა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ყარაბაღშიც ჩატარდა.

არ არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გამარჯვებული ისევ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის „ახალი აზერბაიჯანის პარტია” იქნება.

2024 წლის დასაწყისში აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართა. შედეგად, ილჰამ ალიევი კიდევ მომდევნო 7 წლით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.

62 წლის ალიევი აზერბაიჯანს 20 წელზე მეტია, მართავს. ძალაუფლება მან მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა. ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ლიდერი იყო, შემდეგ კი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი.

ალიევის მმართველობა აზერბაიჯანში კანონების მუდმივად გამკაცრებით და ოპოზიციონერებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაპატიმრებების ფონზე მიმდინარეობს.