ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ამბობს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის” საბოლოო მიზანი გაეროში გაერთიანებაა.
„რა თქმა უნდა, აფხაზეთის რესპუბლიკის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა. ეს არის თავად პროცესის საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარებისთვის. ეს ყველაფერი ლოგიკურად ურთიერთკავშირშია. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია. არავის გაუუქმებია ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ”, – თქვა სერგეი შამბამ რუსულ სამთავრობო მედია „იზვესტიასთან”.
შამბასვე თქმით, „აფხაზეთის რესპუბლიკას” დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკა სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის.
„აფხაზეთს აქვს უარყოფითი გამოცდილება, როდესაც შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები განაგრძობდნენ მნიშვნელოვან ზეწოლას იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც რესპუბლიკას უკვე ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა”, – თქვა მან.
სერგეი შამბას განცხადებით, „აფხაზეთის რესპუბლიკა” ამის გამო ცდილობს კონტაქტების დამყარებას მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ შეუძლიათ უშუალო ზეწოლა გარკვეულ ქვეყნებზე.
„მიუხედავად ყველა სირთულისა და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლისა, ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლებლობების ძიებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალი კავშირებისა და კონტაქტების დასამყარებლად და ვეძებთ ახალ პარტნიორებს. ამ საკითხებში ჩვენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.