დანიგანი: ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი საქართველოში აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოური დაფინანსებების შესახებ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მისი თქმით, რეალურად, ამერიკული დახმარება მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად.

„მე მინდა დავასრულო იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, უცხოური გავლენის შესახებ კანონით – იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. და ეს ოთხი მაგალითი, რაც ახლა ჩამოვთვალე, არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა – ქართველებთან ქართველების დასახმარებლად.

ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი”, – აღნიშნა ელჩმა.