რუსული დაზვერვა: ეუთო ვაშინგტონთან თანამშრომლობს საქართველოს არჩევნებში „ჩარევისთვის" 

პუბლიკა

რუსეთის საგარეო დაზვერვა კიდევ ერთხელ – უკვე მესამედ ავრცელებს განცხადებას საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ და კიდევ ერთხელ ავრცელებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ აშშ აპირებს, გამოიყენოს ახალი ინსტრუმენტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისთვის, რათა თავიდან აირიდოს ამჟამად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება.

მანამდე, 26 აგვისტოს და 9 ივლისს გავრცელებულ განცხადებებშიც რუსული საგარეო დაზვერვა წერდა, რომ აშშ გეგმავს, ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში და რომ ის „ამზადებს ფერად რევოლუციას” ამ ქვეყანაში.

ამჯერად რუსული საგარეო დაზვერვის მესიჯის ცენტრში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაა.

კერძოდ, რუსეთის მტკიცებით, „ამერიკელები შეთანხმდნენ „ეუთო/ოდირის” ხელმძღვანელობასთან საქართველოს კუთხით „თანამშრომლობაზე“ და რომ „ეუთო-ოდირი კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს დასკვნით, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”.

რუსული საგარეო დაზვერვა წერს, რომ „არჩევნების პირველი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარმოდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ”.

რუსული დაზვერვის განცხადებით, ვაშინგტონის გეგმა აშკარაა – „ქართულ ოპოზიციას მისცეს მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების საფუძველი ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით”.

ასევე, რუსეთის მტკიცებით, „ეუთო-ოდირი მზადაა, საქართველოს არჩევნები არადემოკრატიულად აღიაროს, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ვაშინგტონის არაკეთილსინდისიერი თამაშების რუპორად იქცა”.

რუსეთი აცხადებს, რომ „სამწუხაროა, რომ „ოდირი” ჩართულია ასეთ მაქინაციებში”.