კობახიძე ჯიმ რიშზე: ჩვენი დაპირებაც ეს არის, ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯიმ რიშის განცხადების პასუხად ამბობს, რომ „ვიგინდარების ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან გაყრა მათი დაპირებაა”.

კერძოდ, კობახიძეს ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა ამერიკელი სენატორის განცხადება, რომელმაც გუშინ, 12 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც გაიმართა სახელწოდებით „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“ თქვა:

„თუ სიმართლეა ის, რასაც თქვენ ქართველ ხალხსა და მის სურვილებზე ამბობთ, მათ ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშორონ არამზადები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე. დაგაკვირდებით და ვილოცებთ თქვენთვის“.

პასუხად ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ახსენა მართველი პარტიის დაპირება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.

„რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან, მგონი ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის”.

მისივე შეფასებით, ის, რაც ჯიმ რიშმა თქვა, „უკულტურობაა”.

„რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას. რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას, არავითარი ფასი არ აქვს. როდესაც კრიტიკა არის აბსოლუტურად უსამართლო, როცა არის სრული უსამართლობა, რა თქმა უნდა, არაფერს აქვს მნიშვნელობა”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

აშშ და ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ჯერ რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდა, მისი დამტკიცების შემდეგ კი გაუქმებას სთხოვს, თუმცა მმართველი პარტია დასავლელ პარტნიორებს თავს ესხმის და არჩევნებში ჩარევაშიც კი ადანაშაულებს.

აშშ-ის სენატში მოსმენა სწორედ რუსულ კანონს შეეხებოდა. ეკა გიგაურმა, რომელსაც სხდომაზე მოუსმინეს, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველო რუსულ რელსებს უბრუნდება, ხოლო „თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, რუსეთი თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს”.