კალაძე: არცერთი გმირი დაღუპული არ იქნებოდა, რომ არა მათი [ენმ-ის] ბინძური პოლიტიკა 

პუბლიკა

„დაღუპული გმირებით სპეკულირებენ, ჩვენი არცერთი გმირი დაღუპული არ იქნებოდა, რომ არა მათი [ყოფილი ხელისუფლების] ბინძური პოლიტიკა”.

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი, რომ „ყოფილმა ხელისუფლებამ 2008 წელს გარედან [დასავლეთიდან] მიღებული დავალება შეასრულა”.

„დაღუპული გმირებით სპეკულირებენ, ჩვენი არცერთი გმირი დაღუპული არ იქნებოდა, რომ არა მათი ბინძური პოლიტიკა, მათი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეს ქვეყანას და ქართველ ხალხს; გარედან მოცემული დავალება შეასრულეს, ამით დააკარგვინეს ქვეყანას ტერიტორიები, ამით დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი აქციეს დევნილად. ეს იყო მათი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც, გარწმუნებთ და გაძლევთ პირობას, მოუწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად”, – თქვა კალაძემ.

14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა” და ამის „არაერთი სამტკიცი” არსებობს.

მისივე თქმით, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას უარყოფითად გამოხმაურნენ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ქვრივები.