ლაშა პაპაშვილი სანქციებზე: ძალიან ცუდად აისახება, შეიძლება, საათებში ჩამოიშალოს ეკონომიკა

პუბლიკა

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე სანქციების დაწესება ეკონომიკაზე „ძალიან ცუდად აისახება”.

„შეიძლება, საათებში ჩამოიშალოს ეკონომიკა, ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – თქვა მან 17 სექტემბერს ბიზნესს ასოციაციის კონფერენციის დასრულების შემდეგ.

პაპაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„ხომ ვნახეთ უკვე, როგორც აისახა 3 თვის წინ? 2 კვირის პერიოდში ლარის დევალვაცია იყო 15%-იანი. მთავრობამ, ყველა ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა როგორმე, რომ ბეწვის ხიდზე გაგვატარონ ამ შემთხვევაში და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ გაღრმავდეს ეს სანქციები”, – თქვა ბიზნესმენმა.

კიდევ ერთი ბიზნესმენის, კახა შარაბიძის თქმით, სანქციები აზარალებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და იმიჯს.

„ზიანდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ამას პროგნოზი არ სჭირდება, ეს ფაქტია“, – განაცხადა მან.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 16 სექტემბერს ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოქალაქეს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს” ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. ერთი წლის წინ, 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.

გარდა ამისა, 16 სექტემბერს აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა „60-ზე მეტ ქართველ ინდივიდსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში”.

ანალოგიური შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა 30-მდე დეპუტატს 6 ივნისს დაუწესა.