რა მოხდება თუ საბანკო სისტემა აშშ-ის ფინანსურ სანქციებს არ აღასრულებს

პუბლიკა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციები გამოაცხადა, „მაგნიტსკის სიაში“ მოხვდნენ ,,ალტ-ინფოს” ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური.

მაგნიტსკის აქტით აშშ სანქციებს ადამიანის უფლებების შელახვის, კორუფციისა და სხვა დარღვევებისთვის აწესებს.

რა კონკრეტულ შეზღუდვებს ითვალისწინებს სანქციები? როგორც ეკონომისტი აკაკი ცომაია „პუბლიკასთან“ საუბრისას განმარტავს, ფინანსური სანქციები სანქცირებული პირებისთვის ითვალისწინებს იმ სიკეთეებზე წვდომის შეზღუდვას და უარის თქმას, რასაც ამერიკული ფინანსური სისტემა აწვდის მთელ მსოფლიოს:

პირველ რიგში ეს არის უცხოურ ვალუტაზე წვდომა, ამერიკული დოლარის გადარიცხვა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სანქცირებულ პირს ეზღუდება სარგებლობა ისეთი საბანკო მომსახურებებით, როგორიცაა ვიზა ან მასტერქარდ ბარათი.

როგორც ეკონომისტი განმარტავს, ეს შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ სანქცირებულ ინდივიდუალურ პირებს, ეს ეხება, ასევე, ამ პირებთან დაკავშირებულ კომპანიებს. შესაძლოა, სანქცირებული პირი თავად არ იყოს კომპანიის მმართველი, მაგრამ ჰქონდეს წილი კომპანიაში.

უფრო მეტიც, როგორც აკაკი ცომაია განმარტავს, ამერიკულ კომპანიებს თავად ეკრძალებათ სანქცირებულ პირებსა და მათ კომპანიებთან/მათთან ასოცირებულ კომპანიებთან ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც ფინანსური სანქციები ემუქრებათ.

რომ შევაჯამოთ, მაგნიტსკის გლობალური სანქციების პროგრამა მოიცავს შეზღუდვებს სხვადასხვა მიმართულებით:

აქტივების გაყინვა: საბანკო ანგარიშები, უძრავი ქონება, წილები და სხვა.

სამოგზაურო და სავიზო შეზღუდვები: სანქცირებულ პირებს აღარ შეუძლიათ აშშ-ში შესვლა.

სანქცირებულ პირებთან ბიზნესსაქმიანობის აკრძალვა: აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ მათთან ბიზნესსაქმიანობაში ჩართვა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება.

საერთაშორისო იზოლაცია: სანქციები არაპირდაპირ ეხება სხვა ქვეყნებსაც. როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის იურიდიული პირები, განსაკუთრებით ბანკები, თავს იკავებენ სანქცირებული პირების მომსახურებისა და მათთან საქმიანი ურთიერთობისგან.

„შესაბამისად, ეს შეზღუდვები იმდენად მძიმეა და დამაზიანებელი ასეთი პირისთვის, რომ მას საერთოდ ეკარგება წვდომა საბანკო ანგარიშზე, ლარის გადარიცხვასაც კი ვერ ახერხებს, ლარის მომსახურებაც კი პრობლემური ხდება მისთვის, რადგან მაგალითად საბარათე ანგარიშზე რომ ჩაირიცხოს ფული, მან ვიზა ბარათით უნდა ისარგებლოს, მას კი ამ ვიზა ბარათზეც  შეზღუდვა აქვს.

ბიზნესწრეებსა და ფინანსურ სისტემაში სანქცირებული პირი გლობალურ ბაზარზე არის აბსოლუტურად მოკვეთილი. მხოლოდ იმ ტიპის კომპანიებთან/ქვეყნებთან შეიძლება ჰქონდეს ურთიერთობა ან კავშირი დაამყაროს მომავალში, რომლებიც  ყველაფერს ამას არ ცნობენ და არ აღიარებენ,-  ეს შეიძლება იყოს რუსულ კომპანიებთან აფილირებული ბიზნესი ან შეიძლება იყოს ჩინური, ინდური კომპანიები. ცივილიზებული სამყაროდან ეს პირი, ფაქტობრივად, მთლიანად მოკვეთილი რჩება.“

როგორც აკაკი ცომაია განმარტავს, ამერიკის ფინანსთა სამინისტრო ძალიან მკაცრად აკონტროლებს ამ პროცესს, რაც პრაქტიკაში არაერთხელ დადასტურდა, როცა „ვერცერთმა რუსმა ოლიგარქმა ვერ მოახერხა ამერიკული ფინანსური ხაზინის გაცურება.“

რას შეიძლება ველოდოთ, თუ საქართველოს საბანკო სისტემა აშშ-ის ფინანსურ სანქციებს არ აღასრულებს? აკაკი ცომაიას თქმით, იმის გამო, რომ ამერიკის ხაზინა ძალიან მკაცრად აკონტროლებს ამ პროცესს, თუკი სისტემა, რომელიც სარგებლობს ამერიკული სიკეთეებით, არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, დგას მაღალი რისკის წინაშე, რომ თავადაც დასანქცირდება.

„წარმოვიდგინოთ, რომ ქართული საბანკო სისტემა შესაძლოა, დასანქცირდეს. რას ნიშნავს დასანქცირება? ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გაითიშოს SWIFT სისტემიდან, რაც გამოიწვევს იმას, რომ, უბრალოდ, ვერ გადავრიცხავთ ფულს, ანუ ბიზნესი ტრანზაქციებს ვეღარ განახორციელებს SWIFT სისტემის მეშვეობით.

ფულადი გზავნილები, რომლებიც საბანკო სისტემით ხორციელდება, ვეღარ მოხერხდება. თუკი საზოგადოება ვეღარ გამოიყენებს ვიზა ან მასტერ ბარათებს, ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ცივილიზებული სამყაროს ფინანსური სისტემიდან ვითიშებით.“

SWIFT ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს. SWIFT-ის სისტემა ერთმანეთთან 11 000 ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

ამდენად, სანქციების შეუსრულებლობა, ეკონომისტის განმარტებით, დამაზიანებელია მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. მისივე თქმით, საბანკო სისტემას არ აქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ სანქციებს დაექვემდებაროს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გადავიდეთ ფულადი გზავნილების რაღაც ალტერნატიულ მეთოდზე,- „რუსკი მირს“ შევუერთდეთ ან რამე ჩინურ ანალოგს.

„რუსკი მირთან“ შეერთება ან მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ცივილიზებული მსოფლიო, რომელიც სარგებლობს SWIFT სისტემით, უარს იტყვის ქართულ კომპანიებთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ვინაიდან „რუსკი მირი“ არ არის სანდო სისტემა, პერსონალური ინფორმაცია არ არის დაცული, მომსახურების საფასური არის შედარებით ძვირი, ფულადი გადარიცხვები არ არის უსაფრთხო და სწრაფი, ბევრი პრობლემა და რისკი ახლავს თან.

ეს ნიშნავს, რომ ქართული ეკონომიკური სივრცე უნდა მიებას აბსოლუტურად სხვა სამყაროს და ეს გრძელვადიან პერიოდში დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს დარგის განვითარებაზე.“

გუშინ, 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში  ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოში მოქმედი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები იცავენ საერთაშორისო სანქციათა მოთხოვნებს.

თუმცა აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი განსხვავებული წესით ვრცელდება. კერძოდ, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ სანქციების საფუძველზე საქართველოს სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი.

აღნიშნული რეგულაცია ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით 2023 წელს შეცვალა, მაშინ როცა აშშ-მა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

გასულ წელს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა. რასაც შემდგომში მოჰყვა ეროვნული ბანკის მიერ ცვლილება.

ამ ცვლილების მიხედვით, სანქცია საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი და იმავე პრინციპით გავრცელდება იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც საქართველოს სანქცირებული  მოქალაქე ფლობს.

„ეს არის გაიძვერული მცდელობა იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს უთხრას, თითქოს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს ემორჩილება. მაგრამ იქვე ხაზგასმა, რომ სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ეს არ არის ის განცხადება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას და ამერიკის ხაზინას დაარწმუნებს იმაში, რომ ფინანსური სანქციები აღსრულდება. საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები ამერიკის ხაზინას ნამდვილად არ აინტერესებს, ამ განცხადებით ავტომატურად უგულებელყოფილია საერთაშორისო ვალდებულებები, რადგან იქ ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა“

რა არის მაგნიტსკის აქტი?

მაგნიტსკის აქტი თავდაპირველად 2012 წელს შეიქმნა, როცა სანქციები დაუწესდათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის დაპატიმრებასა და სიკვდილში.

მაგნიტსკი, რომელიც ქვეყანაში კორუფციას ამხელდა, 2008 წელს დააპატიმრეს, 11 თვის შემდეგ კი გარდაიცვალა.

2017 წლიდან აშშ-მა აამოქმედა მაგნიტსკის გლობალური სანქციების პროგრამა. ის მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში, კორუფციასა და სხვა ტიპის დარღვევებში მხილებული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.