განათლების სამინისტრო ისტორიის XII კლასის სახელმძღვანელოს შესახებ ინფორმაციებს განცხადებით ეხმაურება, თუმცა ძირითად საკითხებს პასუხს მაინც არ სცემს.
უწყება „სრულ სიცრუეს“ უწოდებს ინფორმაციას, „თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი“.
ისტორიკოსი და ისტორიის მასწავლებელი, გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც სახელმძღვანელოზე ინფორმაცია გაავრცელა, თქვა, რომ „წიგნის რედაქტორი და ავტორები განათლების სამინისტრომ უკონკურსოდ შეარჩია”. მისივე თქმით, სახელმძღვანელო იქნება საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი, რაც ნიშნავს, რომ სხვა წიგნებით სკოლებში აღარ ასწავლიან.
ჯავახიშვილის თქმით, მას ეს ინფორმაცია იმ შეხვედრებიდან აქვს, რომლებიც განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ონლაინ ჩაატარა.
წიგნებისთვის გრიფის მისანიჭებლად კონკურსს განათლების სამინისტრო აცხადებს. გრიფი შეიძლება მიენიჭოს რამდენიმე სახელმძღვანელოს. 23 სექტემბრის განცხადებაში უწყება წერს, რომ 2024 წელს საქართველოს ისტორიის გრიფირების პროცესი საერთოდ არ გამოცხადებულა.
„წელს მე-12 კლასში შემუშავდა მხოლოდ დამხმარე რესურსები ყველა იმ საგანში, რომელიც მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაემატა აღნიშნულ კლასს – ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ქიმია, საქართველოს ისტორია.
დღეისათვის სკოლებში არსებობს ძველი გრიფირებული მსოფლიო ისტორიის წიგნი, რომელიც, მოიცავს საქართველოს ისტორიას. ამასთან, მასწავლებლების გზამკვლევად დამატებითი შეიქმნა რესურსი, რომელიც მუდმივად იქნება განახლებადი”. – აცხადებს უწყება.
განათლების სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „დამხმარე რესურსის პირველი ნაწილი დამუშავდა შესაბამისი კომპეტენციის ისტორიკოსების მიერ მხოლოდ პირველი სემესტრისთვის და მოიცავს მე-20 საუკუნის დასაწყისს – 1900-1921 წლებს. მასწავლებლებისთვის ჩატარდა შეხვედრები და მოხდა მათი დატრენინგება რესურსის გამოყენებაში”.
„შესაბამისად, გამოთქმული ეჭვი, შიში, თუ ბრალდებები იმის თაობაზე, რომ უკანასკნელი 30 წლის პერიოდი არასწორად დაიწერება, ეს არის შეგნებული ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით უწყების დისკრედიტაციის მცდელობა”. – აცხადებს განათლების სამინისტრო.
უწყება ასევე ამბობს, რომ „ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცებისთანავე დაიწყება მუშაობა ყველა საგნის სახელმძღვანელოს განახლებაზე”.
განათლების სამინისტრო არ აკონკრეტებს, არის თუ არა ისტორიის XII კლასის სასწავლო რესურსი ექსკლუზიური და შესაბამისად, გამოცხადდება თუ არა კონკურსი სახელმძღვანელოს შექმნაზე.
განცხადებაში ასევე არაფერია ნათქვამი „ქართული ოცნების” დეპუტატის, რუსული კანონის მხარდამჭერი გიორგი სოსიაშვილის როლზე, რომელიც წიგნის რედაქტორია.
„პუბლიკა” რამდენიმე დღეა, განათლების სამინისტროსგან კონკრეტული პასუხების მიღებას უშედეგოდ ცდილობს.
საქართველოს უახლესი ისტორიის XII კლასის სახელმძღვანელოზე, რომელზე, როგორც გიორგი ჯავახიშვილმა თქვა, უკონკურსოდ დაიწყო და ამასთან, ექსკლუზიური იქნება, პროფესორი დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე მუშაობდნენ.
22 სექტემბერს დიმიტრი შველიძემ განაცხადა, რომ სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს მანამ, სანამ „არ გამოიკვეთება ნათელი სურათი – გაგრძელდება თუ არა სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები”.
მან ასევე ნება მისცა განათლების სამინისტროს, საქართველოს ისტორიის პირველი თემის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ გამოიყენონ I სემესტრის სასწავლო მასალაში.