ქურდოვანიძე: ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება კანონს მიღმაა, საშიში პრეცედენტია

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი განცხადება გასულია კანონის ჩარჩოებიდან.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.

შესაბამისად, ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

ანტიკორუფციული ბიუროს დასაბუთების მიხედვით, ეს ორგანიზაციები აკეთებენ განცხადებებს და ატარებენ ღონისძიებებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ აირჩიონ  „ქართული ოცნება”.

სააპელაციო სასამართლოს 17 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, „გამოკვეთილია მოძრაობის პოლიტიკური მიზანი, მოძრაობის წევრთა მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს მიღმა, ექცევა ზემოთ მითითებული კანონის რეგულირების სფეროში“.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ვრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგზე.

ხოლო განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი.

ქურდოვანიძის შეფასებით, ბიურომ სრულიად დაუსაბუთებლად მიმართა სასამართლოს და ითხოვა ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ და მასთან დაკავშირებული პირებისაგან ფინანსური ინფორმაცია. ამის გაკეთება მას არ შეეძლო, რადგან გამოკვეთილი არ იყო ის სუბიექტი, რომლის მონიტორინგიც მიმდინარეობდა.

„ბიურო აღმოჩნდა პროცედურულ ჩიხში. თუმცა, მას მაშველ რგოლად სააპელაციო სასამართლო მოევლინა, რომელმაც კანონს მისცა იმგვარი ინტერპრეტაცია, რომლითაც გზა გაუხსნა ბიუროს შემდგომ უკანონო ნაბიჯებს.

ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ბიურომ დღეს განცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოაცხადა და შესაბამისად, საკუთარი მანდატი გაივრცელა მის ფინანსურ მონიტორინგზე.

,,რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.

ეს არის საშიში პრეცედენტი, თუმცა, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ბიუროს თვითნებობას სასამართლო შეზღუდვის ნაცვლად, გზას უკვალავს”. – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.