გვარამია: მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს

პუბლიკა

პარტია „ახალის“ ლიდერი და კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პარტიულ სიაში  არ იქნება, რადგან მიიჩნევს, რომ გზა ახალ ადამიანებს უნდა გაეხსნათ.

როგორც გვარამია ამბობს, ამ გადაწყვეტილებით ხაზს უსვამს, რომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ცვლილებაზეა ორიენტირებული და არა „ჩანაცვლებაზე”.

„მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ლიდერი ვარ და მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე პარტიის კოალიციის ლიდერად და ყველაფერი გავაკეთო ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, კვლავ მე ვრჩები კამპანიის ხელმძღვანელადაც, პარტია „ახალისა“ და კოალიციის ლიდერადაც, მაგრამ პარლამენტში მინდა, გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს, ჩემი კონკრეტული ერთი მაგალითით მინდა, რომ სხვა პარტიებს და ზოგადად საზოგადოებას ვუთხრა ჩემი პოზიცია, მივცეთ ფართო გზა ახალ პოლიტიკურ აქტორებს, ჩვენ ვიყოთ პოლიტიკაში, ვაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები, მაგრამ მნიშვნელოვანია ხალხთან ასევე საუბრობდნენ ისინი, ვინც ახალ იწყებენ პოლიტიკურ გზას, ისევე, როგორც საქართველო ახლა იწყებს ევროპისკენ სვლას და აუცილებლად მივა დანიშნულების წერტილამდე

ჩემი ამ გადაწყვეტილებით მინდა ხაზგასმა იმის, რომ კოალიცია ცვლილებისთვის სწორედ ცვლილებაზეა ორიენტირებული და არა ჩანაცვლებაზე. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილის ადგილი დავიკავოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი რუსული ორიენტაციით ამ ქვეყანას ჩამოშორდეს, ვგულისხმობ პოლიტიკურ მმართველობას და ქვეყნის ხელისუფლება გადაიბარონ ადამიანებმა ვინც პროპაგანდისტის მოწყვლადი ვერ იქნება,ა ხალ გზებს დაადგება და ვისაც მე ჩემი შესაძლებლობებით დავეხმარები და მაქსიმალურად გავწევ წინ”, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, კოალიციის საარჩევნო სიას ხვალ წარადგენენ.