გულწრფელი საუბარი მექნება ამერიკელ მეგობრებთან - ზალკალიანი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე

პუბლიკა

დავით ზალკალიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს და ამბობს, რომ არ აპირებს აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთებას.

„ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი, არც ვაპირებ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას. ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და რა თქმა უნდა, არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს იმის უფლება, ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი, გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“, – ამბობს ზალკალიანი.

მისივე შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმება „არ შეესაბამება სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას“. ელჩი ამბობს, რომ ამერიკელ მეგობრებთან ამ საკითხთან დაკავშირებით „გულწრფელი საუბარი“ ექნება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამგვარ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას და მე ამაზე მექნება ძალიან გულწრფელი საუბრები ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის გაუგებრობები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება გულწრფელი საუბარი, დიალოგი და სწორი შეფასება, იმისთვის რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებულ ურთიერთობებში“, – ამბობს ზალკალიანი.

„ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. კობახიძესთან შეხვედრაზე უარი თქვა ჯეიკ სალივანმაც, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.