უკრაინა გმობს „რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების გამოყენებას“ პოლიტიკურ რეკლამაში

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს გამოეხმაურა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, საეკლესიო სიწმინდეებისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას.

ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი ასევე არის მშვიდობის ფასი საქართველოში.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ქართული ოცნების მმართველ პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

უკრაინა თანმიმდევრულად, მტკიცედ და ურყევად გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში, ქართველი ხალხი კი გააგრძელებს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

„ქართული ოცნების” ახალი საარჩევნო ბანერები ქალაქში დღეს გამოჩნდა. ბანერზე ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, რომელსც თავს ათასობით ადამიანი აფარებდა. დაიღუპა ასობით მათგანი, მათ შორის, ბავშვები. რუსეთმა თეატრი დაბომბა მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორ მხარეს, ასფალტზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა – ბავშვები. ბანერის მეორე მხარეს ჩანს სენაკის თეატრის შენობა. „ქართულმა ოცნების” სხვა ბანერზე ვხედავთ რუსეთის მიერ დაბომბილ ტაძარს უკრანაში, მეორე მხარეს კი – სამების ტაძარს.