სასამართლომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე ენმ-ს და ISFED-ის სარჩელები არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და ასევე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) სარჩელები  საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ  ხელისუფლების ყველა შტო „წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს“ იმისთვის, რომ ემიგრანტებმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე თავიანთი არჩევანი ვერ დააფიქსირონ.

„ამ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში. დღეს აქ, 28-ე დარბაზში, სალომე სამხარაძემ, რომელიც არის მუსურიძის ყოფილი თანაშემწე და დაინიშნა უვადოდ სწორედ იმ ნიშნით, რომ მუსურიძის თანაშემწეა,  მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს წაართვას ხმის უფლება. მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება.

გუშინ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეს ფიზიკურად არ მიშვებდნენ დარბაზში, სანამ ძალით არ შევედი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების ყველა შტო წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი არჩევანი ვერ გააკეთონ, ვერ დაიცვან, მაგრამ ეს არის ძალიან დროებით. 26 ოქტომბერს ისინი აუცილებლად ძალიან მძიმედ დაასრულებენ,“ – განაცხადა კორძაიამ.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, ორგანიზაცია მანდატის ფარგლებში  ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს ამომრჩეველთა უფლებების დასაცავად.

„თბილისი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების” სარჩელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით.

ჩვენი მანდატის ფარგლებში გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს ამომრჩეველთა უფლებების დასაცავად“, – წერს დოლიძე.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ გარდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სარჩელიც.

„ჩვენ ვითხოვდით საარჩევნო უბნების გახსნას იმ ქალაქებში, რომელიც არ არის ცესკოს განკარგულებაში მითითებული. სამწუხაროდ, სასამართლოსგან ვერ მოვისმინეთ დასაბუთება, ასევე სამწუხარო ფაქტია ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავი აარიდა როგორც პროცესზე გამოცხადებას, ასევე თავის პოზიციის წარმოდგენას, ცესკოს მხრიდან კი განხორციელდა ხელების შეხოცვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და ყველაფრის გადაბრალება აღნიშნული უწყებისთვის, თუმცა არ იქნება მხედველობაში მიღებული ის ფაქტი, რომ კომპაქტურად საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ სხვადასხვა ქალაქებში და იმ ქალაქებში სადაც არის განთავსებული საელჩო, რამდენიმე ასეული კილომეტრით და ხანდახან ათასი კილომეტრითაც არიან დაშორებული“, – თქვა ალავიძემ.

ცესკოს წარმომადგენელმა, გიორგი სანტურიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმ ყველა ქალაქში შეიქმნა საარჩევნო უბანი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოს მიაწოდა.

„ცესკო დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენს ამომრჩევლებს სხვა სახელმწიფოებში მიეცეს კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა და დაახლოებით 65 ათას ამომრჩეველს ამის შესაძლებლობა ექნება. რაც შეეხება უბნების შექმნის გადაწყვეტილება, ცესკო ეყრდნობოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გადმოეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან“, – განაცხადა მან.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი გახსნა.

კომისია აცხადებს, რომ წელს იმაზე მეტი უბანი იხსნება, ვიდრე 2020 წელს იყო, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, სადაც უბანი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში.

ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის.