ნარკოპოლიტიკა 2023 | ტენდენციები, ძველი და ახალი გამოწვევები

პუბლიკა

„2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 1123-ით მეტი ნარკოტიკული დანაშაული დარეგისტრირდა, რაც დაახლოებით 20%-იან მატებას ნიშნავს. საანგარიშო წლის მაჩვენებელი აგრეთვე აღემატება პანდემიამდე (2019 წლის) არსებულ მონაცემს”, – ამის შესახებ საუბარია ანგარიშში – „ნარკოპოლიტიკა საქართველოში – 2023 წლის ტენდენციები”, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” მოამზადა.

ნარკოტიკული დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2020-2021 წლებში თითქმის ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, რაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებით უნდა აიხსნას. შესაბამისად, 2022-2023 წლების მონაცემები ახლოსაა პანდემიამდელ (2019 წელი) მაჩვენებელთან.

ისევე როგორც წინა წლებში, 2023 წელსაც ნარკოტიკული დანაშაულებიდან ყველაზე გავრცელებული იყო:

  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 2723 საქმე;
  • კანაფის/მარიხუანის უკანონო შეძენა/შენახვა (სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლი) – 1593 საქმე;
  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა, კულტივირება (სსკ-ის 265-ე მუხლი) – 961 საქმე;

როგორც დიაგრამიდან ჩანს, სამივე გავრცელებული მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატება გამოვლინდა (25.5%). ორგანიზაცია დასძენს იმასაც, რომ 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია გასაღების მაჩვენებელიც.

ნარკოტიკულ დანაშაულებზე გამოტანილი განაჩენების სტატისტიკა

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2023 წელს 4215 პირის მიმართ განხილული საქმიდან გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს 4206 პირის მიმართ, რაც 99.7%-ს აღემატება.

საანგარიშო წელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა 475 პირს შეეფარდა, რაც მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 11%-ს შეადგენს. თავისუფლების აღკვეთის შეფარდების პროცენტული მაჩვენებელი 2022 წელსაც იდენტური იყო.

როგორც დიაგრამიდან ჩანს, სსკ-ის 260-ე და 265-ე მუხლებზე ყველაზე ხშირად პირობითი სასჯელი გამოიყენებოდა, 273 პრიმაზე კი – ჯარიმა. ამ უკანასკნელზე, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია თავისუფლების აღკვეთის შეფარდების მაჩვენებელიც.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან/მცირე ოდენობით შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში: ასკ) 45-ე და 45-ე პრიმა მუხლებითაა გათვალისწინებული.  ასკ-ის 45-ე მუხლი ყველა ნარკოტიკულ საშუალებას ეხება, 45 პრიმა მუხლი კი – მხოლოდ მცენარე კანაფს ან მარიხუანას.

საანგარიშო წელს ორივე შემთხვევაში მზარდია ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელიც, თუმცა ასკ-ის 45-ე მუხლის შემთხვევაში ეს სიტყვიერი შენიშვნის არსებითად შემცირების ხარჯზე მოხდა, ასკ-ის 45 პრიმა მუხლის შემთხვევაში კი, შესაძლოა, სამართალდარღვევების ზრდითაც იყოს განპირობებული, რადგან ჯარიმასთან ერთად მცირედით არის გაზრდილი სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების მაჩვენებელიც.

„ნარკოპოლიტიკა საქართველოში – 2023 წლის ტენდენციები” – ძირითადი მიგნებები:

• 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა. რაოდენობრივად, ეს ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო დანაშაულთა კატეგორიებს შორის.

• საანგარიშო წელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 11%-ს შეეფარდა. თავისუფლების აღკვეთის შეფარდების პროცენტული მაჩვენებელი 2022 წელსაც იდენტური იყო.

• იძულებით ნარკოტესტირებაზე წარდგენილ პირთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 9%-ით გაიზარდა. 2022 წლის მსგავსად, საანგარიშო წელსაც 70%-ს აღემატებოდა ტესტირებაზე წარდგენილ პირთაგან დადებითი შედეგის მაჩვენებელი.

• ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების რაოდენობა საანგარიშო წელს გაზრდილი იყო. მზარდი ტენდენცია გამოვლინდა ამ სამართალდარღვევებზე ჯარიმის გამოყენების მიმართულებითაც.

• 2023 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სულ 63 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 15 ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

ჯანდაცვის მინისტრის 2024 წლის იანვრის ბრძანება უშუალო გავლენას ახდენს ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით შშმ პირებსა და დასაქმებულებზე, რითაც აუარესებს მათთვის სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობას. (ამ ცვლილების ფარგლებში ჩანაცვლებითი პროგრამის ადმინისტრირების წესები განსხვავებულად მოწესრიგდა. მანამდე არსებული რეგულირებით, პროგრამაში ჩართულ პაციენტებს, ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, ოჯახის წევრის ან სხვა უფლებამოსილი პირის დახმარებით, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის პრეპარატის მიღება/გატანა შეეძლოთ. მიღებული ცვლილებით კი, პაციენტისთვის მისაწოდებელი პროდუქტის ულუფა 1 დღის ოდენობამდე შემცირდა);

• საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის ივნისში ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულებისთვის ე.წ. სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევის პრობლემური ინსტიტუტი არაკონსტიტუციურად არ ცნო, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ წინარე პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს.

• ქვეყანაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები კვლავ ფრაგმენტული ხასიათისაა. განათლების სამინისტროს მიერ შექმნილ სასკოლო პრევენციულ პროგრამაში, მოსწავლეთა 1%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა.

შეჯამება და რეკომენდაციები:

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა სისტემურ გარდაქმნას საჭიროებს, რაც კვლავ გამოწვევად რჩება. სამწუხაროა, რომ თუ წინა წლებში, განსაკუთრებით 2016 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობის დროს, ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყო, ბოლო წლებია, რაც თემამ არსებითად დაკარგა აქტუალობა.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებიდან მომდინარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის თუ მძიმე სოციალური გამოწვევების პოპულისტური მიზნებისთვის გამოყენება. შეცვლილი რიტორიკა ხელს უშლის სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყებების მიერ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომების სწრაფ დანერგვას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ორგანიზაცია კვლავ აღნიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობა გადახედვას და გაუმჯობესებას საჭიროებს, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საჭირო ცვლილებების განხორციელებისგან თავს იკავებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მომუშავე ჯანდაცვისა თუ სამართლის სპეციალისტები ოფიციალურ პირებს კანონმდებლობის არსებითი შემსუბუქებისკენ მოუწოდებენ, ქვეყანაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, კვლავ გრძელდება რეპრესიული პოლიტიკა.

მართალია, შეინიშნება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართული პროგრამების მომრავლება, თუმცა სახელმწიფო კვლავ ვერ ახერხებს მასშტაბური ინტერვენციის განხორციელებას. მაშინ, როდესაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების ინექციური გზით მომხმარებელთა რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია და პრობლემის მდგრადი მოგვარების წინაპირობას, სწორედ მოხმარების დაწყების პრევენცია წარმოადგენს, სახელმწიფო მასშტაბურ პრევენციულ პროგრამებს ვერ ნერგავს. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს ისეთი პრევენციული მოდელები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით აღსრულდება და რომელთაც მდგრადი შედეგების მიღწევის რესურსი ექნებათ”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ქვეყანაში ნარკოვითარების გაუმჯობესების მიზნით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მოუწოდებს სახელმწიფოს გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  • საქართველოს მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომ, შეცვალოს დამოკიდებულება ადიქციის პრობლემის და მასთან დაკავშირებული დანაშაულების მიმართ. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება გააზრებულ იქნას ჯანდაცვის ჭრილში და მასთან გამკლავებაც სწორედ ზრუნვის პრინციპებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდებით განხორციელდეს.
  • ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, კერძოდ, გაუქმდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასჯადობა, გადაიხედოს არსებული სასჯელები და სამართლიანად განისაზღვროს ნარკოტიკული საშუალებების ზღვრული დოზები. ასევე, გაუქმდეს ნარკოტიკულ დანაშაულებზე უფლებების ავტომატური ჩამორთმევის მექანიზმი და კანონმდებლობაში აისახოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.
  • განათლების სამინისტრომ შეიმუშაოს პრევენციული პროგრამა, რომელიც ფართოდ დაინერგება სასკოლო გარემოში და მიმართული იქნება მდგრადი შედეგების მიღწევისკენ. ასევე, ჩაატაროს სიტუაციისა და საჭიროებების ანალიზი იმის დასადგენად, თუ რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე სკოლაზე დაფუძნებული ფართო პრევენციული პროგრამების დანერგვა და რა სახის რესურსის არსებობა გახდიდა შესაძლებელს ამგვარი პროგრამის დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გააუქმოს 2024 წლის 24 იანვრის ბრძანებით ოპიოიდებით ჩანაცვლებითი პროგრამის ადმინისტრირებაში შესული ცვლილება. ამასთანავე, მინიმუმამდე დაიყვანოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართვის და პროგრამაში დარჩენის ბარიერები და მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები დააყრდნოს სათემო და საექსპერტო ორგანიზაციებთან კონსულტაციებსა და პროფესიულ დიალოგს.
  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტი მიანიჭოს ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ პირთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას და გაზარდოს შესაბამისი დაფინანსება.
  • სახელმწიფო უწყებებმა აღმოფხვრან საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ხარვეზები და დაინტერესებულ პირებს დროულად მიაწოდონ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი CPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „პუბლიკა” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.