შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ ბავშვების მშობლები, ასევე, მათი წარმომადგენლობითი და საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ.
„მოგეხსენებათ, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირები და რამდენად მძიმედ აისახება არსებული კრიზისული ვითარება მათ ყოველდღიურ ყოფაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა რიგი პოზიტიური ღონისძიებებისა, სიტუაცია რჩება კრიზისული. არსებული ვითარება აჩენს ახალ საჭიროებებს, რათა მოხერხდეს თუნდაც იმ მოცემულობის შენარჩუნება, რაც მინიმალურად უზრუნველყოფს შშმ პირების უსაფრთხოებას, სოციალურ პირობებსა და განვითარებების შესაძლებლობებს.
მოგეხსენებათ, ისევე როგორც ყველა, შშმ პირები და ბავშვებიც აღმოჩნდნენ იძულებით იზოლაციაში. ისინი ვეღარ ღებულობენ იმ ძირითად მომსახურებებს, რომლებსაც ახორციელებდა ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც მიმართული იყო მათ რეაბილიტაცია/აბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. უკვე ერთი თვეა, ისინი მოწყვეტილნი არიან ამ მომსახურებებს და რთულია იმის თქმა, როდის გახდება შესაძლებელი მათი განახლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები და შშმ ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივა – არ შეწყვეტოდათ დაფინანსება აუტისტური სპექტრის მქონე ბენეფიციართა სპეციალისტებს იმ პირობით, რომ მომავალში ისინი აღადგენენ გაცდენილი თერაპიის კურსებს. ასევე ისინი პოზიტიურად აფასებენ, რომ დღის ცენტრების, ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები მიიღებენ გარკვეულ დაფინანსებას მიმდინარე კრიზისულ პერიოდში.
„შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ამ პირობებში მხარდაჭერის მიღმა დარჩნენ ამ პროგრამების მთავარი სამიზნე ბენეფიციარები – შშმ პირები. ისინი დღემდე მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების გარეშეც კი არიან. სრულ იზოლაციაში მათი ყოფა დღითიდღე უარესდება. არსებულ ვითარებაში ეფექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებად მიგვაჩნია, რომ მომსახურების გარეშე დარჩენილმა შშმ პირებმა, როგორც დროებითი ღონისძიება, კომპენსაციის სახით მიიღონ ამ მომსახურების ვაუჩერის მონეტიზირებული ნაწილი, რათა მათ ან/და მათ მხარდამჭერებს/წარმომადგენლებს შესაბამისი ფინანსური რესურსი გაუჩნდეთ, არსებულ კრიზისული ვითარებაში წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში დამატებითი თანხების მობილიზება აღარ გახდება საჭირო. ამ ცვლილების გარეშე შშმ პირები და ბავშვები ვერ მიიღებენ ვერანაირ სარგებელს და მოხდება თანხების ეკონომია, რაც მიგვაჩნია არაგონივრულ გადაწყვეტილებად არსებულ სიტუაციაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული პროგრამების მოსარგებლეა: 1800-მდე ბავშვი ადრეული განვითარების, 1400-მდე შშმ ბავშვი რეაბილიტაცია-აბილიტაციის, 1100 შშმ ბავშვი და 800 შშმ პირი დღის ცენტრების ქვეპროგრამებში. ამასთანავე, თბილისის მერიის აუტიზმის პროგრამის მოსარგებლე 1230 ბავშვია.
შშმ ბავშვების მშობლები და ორგანიზაციები მიმართავენ საბჭოს თხოვნით, განიხილონ საკითხი, რათა არსებული კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შშმ პირებისა და ბავშვებისათვის ზემოთ აღნიშნული მომსახურების სრულ აღდგენამდე, არსებული ვაუჩერის ფარგლებში, ერთი მხრივ, შეუნარჩუნდეთ გარკვეული დაფინანსება მომსახურების მიმწოდებლებს, რათა მათ კრიზისის შემდგომ პერიოდში შეძლონ მომსახურების აღდგენა, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარე წლის 1 აპრილიდანვე გაიცეს კომპენსაციები შესაბამისი მომსახურების საჭიროების მქონე შშმ პირებზე არსებული ვაუჩერის მონეტიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილით, რომელიც უნდა განისაზღვროს კონკრეტული სერვისების მიხედვით.
ისინი ამბობენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, ჩაერთონ კონსულტაციის პროცესში, რათა სამუშაო ფორმატში იყოს განხილული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული შემოთავაზებული დეტალები.
განცხადებას ხელს აწერენ: „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია ,,მოძრაობა ცვლილებებისთვის“; „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ (FAD); „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“; კავშირი „ქალი და რეალობა“; „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“; „პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის“ – პსკ; „ვოლფრამის სინდრომი-საქართველო“; ფონდი „აურეს“; არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვიმეგობროთ“; დავით ბიბილეიშვილი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი; ესმა გუმბერიძე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი; კობა ნადირაძე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი; გიორგი ალავიძე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი; ნათია გოგოლაშვილი – დამოუკიდებელი აქტივისტი; ლეილა ხაჭაპურიძე – ვოლფრამის სინდრომი-საქართველო; გია ჯვარშეიშვილი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი; „მშობელთა საინფორმაციო ცენტრი“ – PIC; საქართველოს ყრუთა კავშირი ამირან ბატატუნაშვილი; სამედიცინო ასოციაცია “თანა” (ბათუმი); კავშირი “თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის (PER)” და მე როგორც აქტივისტი, ოლღა კალინა; დარინა დუმბაძე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამოუკიდებელი აქტივისტი; ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ”; მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი; შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტი ანა ნაზღაიძე; ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის; კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი); კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის; კავშირი “ქალი და რეალობა” თამარ მაჭარაშვილი; მშობელთა საინფორმაციო ცენტრი( PIC); ა(ა)იპ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება – მაია ბიბილეიშვილი, გამგეობის თავმჯდომარე ზაზა კაკუშაძე; კავშირი „რეა“ ელისო რეხვიაშილი; შეზღუდული შესაძლებლიბის მქონე პირთა უფლებებისთვის (ბათუმი); ასოციაცია “ანიკა”