კოოპმანი: ჩვენ არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი, მთავრობის კურსთან გვაქვს პრობლემა

პუბლიკა

გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი, ხერტ იან კოოპმანი აცხადებს, რომ ევროკავშირს ქართველი ხალხი არ მიუტოვებია და კრიტიკა ეხება მთავრობის პოლიტიკას.

ის საუბრობს ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 დათქმაზე და აღნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებით პროგრესია ძალიან მცირეა.

„ჩვენ ასევე ვამაყობდით, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა გასულ წელს. ცხადია, რომ უცხოეთის აგენტების კანონისა და სხვა მოვლენების ფონზე, მან დაკარგა თავისი გზა და დაშორდა ევროკავშირს.

როცა ვამბობ, რომ ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს, უნდა დავაკონკრეტო, რომ ქართველი ხალხი არ დასცილებია ევროკავშირს. ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერა რჩება 80-90%, ამიტომ პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება EU-ის ღირებულებებს.

ბუნებრივია, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მკაფიო მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად და ნათელია, რომ ამ კუთხით გადამწყვეტი უნდა იყოს უცხოური აგენტების კანონის გაწვევა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

რომ შევაჯამოთ, ჩვენ არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი, პირიქით. მაგრამ ჩვენ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით ნამდვილად გვაქვს პრობლემა”, – განაცხადა მან.