პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ჰომოფობიურ, ცენზურის დამწესებელ კანონს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა ჰომოფობიურ, ცენზურის დამწესებელ კანონთა პაკეტს, რომელიც პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო. პაკეტი ერთი ძირითადი და 18 სხვადასხვა კანონში შეტანილი ცვლილებისგან შედგება.

ინფორმაცია „პუბლიკას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

პრეზიდენტმა კანონს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტო (მოტივირებული შენიშვნები) გამოიყენა.

კანონის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ ხელის არმოწერის შემთხვევაში კანონს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ძალაში შევა.


„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები; რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.

გარდა ამ საკანონმდებლო პაკეტისა, „ქართულ ოცნებას“ ასევე ინიციირებული აქვს კონსტიტუციური პროექტი, რომელიც ამ საკითხების კონსტიტუციაში ასახვასაც ითვალისწინებს.

მომავალ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრასა და მიღებას აპირებს.