ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ვიდაიდან გუტიერეშმა „ცალსახად” არ დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე.
გუშინ, 1 ოქტომბერს, ღამით, ირანმა ისრაელზე საჰაერო იერიში მიიტანა – ქვეყნის მიმართულებით ისროლა 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა. ამ თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისრაელში რამდენიმე ადამიანი 2 ტერორისტს ემსხვერპლა, რომლებიც ქუჩაში შეიარაღებულები დადიოდნენ და ადამიანებს ესროდნენ. ისინი მალევე „გაანეიტრალეს”.
გუტიერეშმა X-ზე დაწერა, რომ „გმობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებას და განგრძობად ესკალაციებს“.
„ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა”, – დაწერა გუტიერეშმა.
ისრაელ კაცის განცხადებით, გუტიერეშმა ვერ შეძლო ირანისთვის გაჩერების მოწოდება, რამაც ის ისრაელში პერსონა ნონ გრატად აქცია.
„ის, ვისაც არ შეუძლია, ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე. ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიო გუტერეშთან ერთად ან მის გარეშე“, – განაცხადა მან.