საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის უფლების შეზღუდვა - „ჩემი ხმა“ საგარეოსა და ცესკოს მიმართავს

პუბლიკა

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია – „ჩემი ხმა“ აცხადებს, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება. კოალიციის სპიკერის, ლონდა თოლორაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს ინსტრუქციების შესაბამისად გაიარეს საკონსულო აღრიცხვა, მათ ექმნებათ დამატებითი ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ბარიერები და ვერ ხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ამასთან, კოალიცია ამბობს, რომ ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩებიან უცხოეთში მცხოვრები დევნილები, რომელთა რეგისტრაციის ადგილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.

„საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევნების შედეგებისთვის არსებითია. თითოეული მათგანის უფლება – მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მივმართავთ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, შეასრულონ მათი როლი და გააკეთონ ყველაფერი საზღვარგარეთ მცხოვრები პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის“, – აცხადებს კოალიცია.

„ჩემი ხმა“ მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაასაჯაროოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქართველოს რამდენი მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით? მათგან რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მონაცემი გადასცა ცესკოს?
  • გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, რა მიზეზების გამო არ/ვერ მოხვდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე ცესკოსთვის გადაცემულ სიაში? ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს მიზეზებისა და მოქალაქეთა რაოდენობის მითითებით;
  •  რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე დგას დღეის მდგომარეობით საკონსულო აღრიცხვაზე?

კოალიცია მიმართავს ცენტრალური საარჩევნო კომისიას გაასაჯაროვოს შემდეგი ინფორმაცია და გააკეთოს დეტალური და მკაფიო განმარტებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • რა მიზეზებით ამორიცხა 2516 პირი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მისთვის გადაცემული ამომრჩეველთა სიიდან. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოს გადასცა 68 024 ამომრჩევლის სია, ხოლო ცესკომ დამუშავების შემდგომ, ამომრჩეველთა სიაში შეიყვანა 65 508 ამომრჩეველი. ცესკოს წარმომადგენელთა განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან პირთა ამორიცხვის საფუძველი გახდა ვალიდური დოკუმენტების არარსებობა. გაკეთდეს მკაფიო განმარტება იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა 2516 პირს ვადაგასული როგორც პასპორტი ასევე, ID ბარათი;
  • საკონსულო აღრიცხვაზე არმყოფმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა რამდენმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ცესკოს უბნის გახსნის მოთხოვნით? როგორ ამოწმებდა ცესკო განცხადების მიღების დროს, იდგნენ თუ არა მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე?
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადაგზავნილ მონაცემებში მითითებული იყო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების მხოლოდ რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, თუ ეს მონაცემები შეიცავდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა რეგისტრაციის მისამართებს და ინფორმაციას მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის – კონკრეტული ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის შესახებ?
  • იმის გათვალისწინებით, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნის განხილვის საკანონმდებლო ვადა შეადგენს 5 დღეს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს უნდა გადასცეს საბოლოო სია ცესკოს, რამდენი დღით ადრე უნდა მიმართოს უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით? ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა არის 7 ოქტომბერი. მოხვდებიან თუ არა სიაში ის ამომრჩევლები, რომლებიც მაგალითად 7 ოქტომბერს მიმართავენ საკონსულოს აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით, თუ მიმართვა უნდა მომხდარიყო 7 ოქტომბრამდე 5 დღით ადრე?
  • რატომ არ გამოითხოვა ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ეტაპობრივად და რატომ არ დაიწყო საზღვარგარეთ უბნების შექმნა არჩევნების დანიშვნისთანავე?
  • რატომ არ ხდება საზღვარგარეთ მყოფი იმ პირების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა, რომლებიც რეგისტრირებული არიან აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ან/და შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით მოხსნილი აქვთ დევნილის სტატუსი.
„აღმაშფოთებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის ფაქტი. მიგვაჩნია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს საკანონმდებლო ბერკეტი, რათა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრაციის არმქონე დევნილ და არა დევნილ თანამოქალაქეებს სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის გზით.

ვინაიდან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 5 დღე, მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, დაუყოვნებლივ შექმნას და აამუშაოს საკომუნიკაციო ეფექტური ცხელი ხაზი საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რათა, დროულად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე უზრუნველყოფილი იქნეს მათი საარჩევნო უფლების რეალიზება“, – წერია განცხადებაში.