„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება“ - სახალხო დამცველის განცხადება და დავითაძის ადვოკატის პასუხი

პუბლიკა

სახალხო დამცველმა სიცრუე უწოდა პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა“.

ადვოკატმა დარეჯან სულაშვილმა 8 ოქტომბერს TV პირველის გადაცემა „დღის ამბებში“ განაცხადა, რომ 2025 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც გიორგი დავითაძის თქმით, მასზე სექსუალურად იძალადეს, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრისას თავად მოითხოვა ექსპერტიზა ძალადობის დასადასტურებლად.

ადვოკატის თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან იყო რეკომენდაცია, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს 72 საათში და მხოლოდ მაშინ შეიძლება დაზიანების დადგენა. დარეჯან სულაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრის დროს შემთხვევიდან 72 საათზე მეტი იყო გასული და ექსპერტიზა აღარ ჩატარდა.

„როდესაც დეკემბერში, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა გიორგისთან, მან თვითონ მოითხოვა ეს ექსპერტიზა იმისთვის, რომ დაედასტურებინა, რა ტიპის ძალადობა განხორციელდა მასზე, თუმცა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან იყო რეკომენდაცია, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს 72 საათში და მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგენა დაზიანების.

იქიდან გამომდინარე, რომ 72 საათზე მეტი იყო გასული, არ ჩაუტარდა. ეს არ იყო ინიციტივა გამოძიებისგან, თვითონ გიორგი მოითხოვდა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის რეკომენდაციით, ფაქტობრივად, გადააფიქრებინეს“, – განაცხდა სულაშვილმა.

სახალხო დამცველი წერს, რომ დოკუმენტურად დასტურდება (პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი), რომ გიორგი დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას თავის ადვოკატთან გაივლიდა.

„როგორც არაერთხელ განიმარტა, სახალხო დამცველის აპარატმა, თავისი მანდატის ფარგლებში, გიორგი დავითაძის უფლებების დასაცავად ყველა საჭირო მოქმედება განახორციელა. აპარატის მიმართვის საფუძველზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომლის მონიტორინგის პროცესი დღემდე გრძელდება.

სახალხო დამცველის რწმუნებულებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელია და არ ემსახურება არც კონკრეტული პატიმრის და არც სხვა პატიმრების კანონიერი უფლებების დაცვის ინტერესებს“, – წერს ომბუდსმენის აპარატი.

ომბუდსმენის აპარატის ამ განცხადებას გამოეხმაურა ადვოკატი დარეჯან სულაშვილი.

როგორც ადვოკატი წერს, სახალხო დამცველის განცხადება ადასტურებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე საუბარი ნამდვილად შედგა; ასევე ადასტურებს გიორგი დავითაძის პოზიციის მნიშვნელოვან გარემოებასაც — ექსპერტიზის ჩატარების ინიციატივა დავითაძისგან მოდიოდა, ასევე შედგა შესაბამისი დოკუმენტი. ადვოკატი ამბობს, რომ ამ დოკუმენტის შინაარსზე გუშინ ტელეეთერში არაფერი უთქვამს და ახლა განმარტავს:

„გიორგი დავითაძემ, მასთან გუშინდელი ვიზიტის დროს, მიამბო, რომ მას შემდეგ, რაც მან გაურკვეველი ნივთიერებები გადაყლაპა, მასთან კვლავ შევიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც თავად შეახსენა გიორგი დავითაძეს, რომ მასთან წინა წლის დეკემბერშიც იმყოფებოდა.

გიორგი დავითაძის მონათხრობის თანახმად, მან წარმომადგენელს სთხოვა, შეედგინათ დოკუმენტი, რომელშიც აისახებოდა დეკემბერში მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე გამართული საუბრის შინაარსი და რომელსაც წარმომადგენელი საკუთარი ხელმოწერით დაადასტურებდა.

გიორგი იხსენებდა, რომ წარმომადგენელმა საუბრისას შეახსენა, თუ როგორ ურჩია მას დეკემბერში, ექსპერტიზის საკითხი ადვოკატთან გაევლო. გიორგი დავითაძის განმარტებით, იგი ამაზე მხოლოდ იმ მიზნით დათანხმდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შემდგარიყო. საბოლოოდ, დოკუმენტი შედგა და მას სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა.

ეს არის გარემოება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის სრული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის არსებობა, მისი ზუსტი შინაარსი და მასში ასახული გარემოებები სათანადოდ იქნეს განმარტებული.

დაბოლოს, განვმარტოთ თავად სიტყვა „დისკრედიტაციის“ მნიშვნელობა.

დისკრედიტაცია არის ვინმეს ან რაიმეს ღირსების, ავტორიტეტისა და პრესტიჟის შელახვა, სახელის გატეხა ან მის მიმართ არსებული ნდობის დაკარგვა. ამ განმარტების გათვალისწინებით, საზოგადოებას თავად შეუძლია შეაფასოს, ვის მიმართ იქმნება დისკრედიტაციის საფრთხე და ვისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას შეიძლება უწყობდეს ხელს სახალხო დამცველის განცხადებები. როდესაც საქმე ეხება პატიმრის უფლებებს, მის მიერ მონათხრობ გარემოებებსა და შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი არსებითი გარემოება არ დარჩეს საზოგადოების ყურადღების მიღმა და საჯარო განცხადებები არ ქმნიდეს ფაქტების არასრულად ან შეცდომაში შემყვანად აღქმის საფუძველს“, – წერს ადვოკატი.


2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ტელეკომპანია „პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც პატიმარი ამბობს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“. დავითაძის თქმით, ამ დროს ბადრაგები მას ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი 4.5-წუთიანი ვიდეოკადრები, თუმცა ვიდეოს ხმა არ ახლავს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებულს შემოწმება-დათვალიერება უტარდება, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების ვერსიით, ამის შემდეგ „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს“, რაც სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით განხორციელდა.

პენიტენციურმა სამსახურმა დავითაძის განცხადებებს სიცრუე უწოდა, ხოლო პენიტენციურისამსახურის დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, მე-6 პენიტენციურიდაწესებულების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, დავითაძის დაწესებულებაში შესახლების ვიდეოში „არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“.

დავითაძის დედის განცხადებით კი, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს. მისი თქმით, მასალა, რომელიც პროკურორმა ოჯახს აჩვენა, დაახლოებით 20 წუთის ხანგრძლივობისაა.

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობა 2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც იყო ინფორმირებული.

სახალხო დამცველის აპარატმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა პროკურატურას, რომელმაც აპარატის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

მოქმედმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, გავრცელებული ვიდეოკადრების შეფასებისას განაცხადა, რომ მასში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება“ ვერ ნახა.

ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო „უფრო მეტად ადასტურებს იმას, რასაც გიორგი დავითაძე ყვება, ვიდრე გამორიცხავს“.