მაკრონი: ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალებაა.

„ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ პარიზში გიმასპინძლე. საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს და იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს, საქართველოს ევროპულ გზას დაუბრუნდეს”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი Facebook-გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს გუშინ, 3 ოქტომბერს შეხვდა.

საფრანგეთის საელჩო საქართველოში შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მაკრონმა აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა საქართველოში.

კერძოდ, საელჩოს ინფორმაციით, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა, გაწევრების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება.

„პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.