ჰერჩინსკი „ოცნების" ბანერებზე: ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების” მიერ გამოკრულ პროპაგანდისტულ ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი”.

ჰერჩინსკის თქმით, თუ საქართველოსა და ევროკავშირში მშვიდობაა, ეს უკრაინელი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის დამსახურებაა.

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ გულგრილი – უკრაინაში გაუმართლებელი, არალეგალური და მზარდად ბრუტალური შეჭრის შემდეგ რუსეთის მხრიდან, ჩვენ ავირჩიეთ მხარე, ჩვენ დავდექით უკრაინის გვერდით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, იმიტომ, რომ უკრაინელები არა მხოლოდ იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ იბრძვიან ყველა ჩვენგანისთვის. ისინი იბრძვიან კანონზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის.

ასე რომ, თუ მეკითხებით ბილბორდების შესახებ, ნება მომეცით გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი. ჩვენ გვაქვს მშვიდობა საქართველოსა და ევროკავშირში უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოებს იყენებს.

„ოცნების” ბანერზე ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებდა. დაიღუპა ასობით მათგანი, მათ შორის, ბავშვები. რუსეთმა თეატრი დაბომბა, მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორ მხარეს, ასფალტზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა – „ბავშვები“.

ბანერის მეორე მხარეს ჩანს სენაკის თეატრის შენობა. „ქართული ოცნების” სხვა ბანერზე ვხედავთ რუსეთის მიერ დაბომბილ ტაძარს უკრაინაში, მეორე მხარეს კი – სამების ტაძარს.