აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური, ცენზურის დამწესებელი კანონის მიღებას ეხმაურება.
„შეშფოთებული ვარ იმ კანონის მიღებით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებებს და საქართვლოს ევროპისგან დაშორების რისკს ქმნის. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად“, – წერს ო’ბრაიენი პლატფორმა X-ზე.
ცენზურის დამწესებელი კანონთა პაკეტი პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო – ის ერთი ძირითადი და 18 სხვადასხვა კანონში შეტანილი ცვლილებისგან შედგება და მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 ოქტომბერს მოაწერა. კანონი ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში ამოქმედდება.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები; რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.
გარდა ამ საკანონმდებლო პაკეტისა, „ქართულ ოცნებას“ ასევე ინიციირებული აქვს კონსტიტუციური პროექტი, რომელიც ამ საკითხების კონსტიტუციაში ასახვასაც ითვალისწინებს.
მომავალ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრასა და მიღებას აპირებს.